მძიმე ყოველდღიური ცხოვრება ფრონტზე, ადამიანების სიკვდილი, მათ შორის -ლატვიელი მოხალისეების. ამავდროულად, შემაშფოთებელი მოლოდინი და შიშები, რომელსაც დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება იწვევს. ამის მიუხედავად - საოცარი გამძლეობა და ბოლომდე ბრძოლის სურვილი. სწორედ ამ განწყობით აღნიშნეს ლატვიელმა ჯარისკაცებმა უკრაინაში 2025 წლის დადგომა.
ფრონტის ხაზზე ძალიან მძიმე მდგომარეობაა
ლატვიელი მოხალისეები, რომლებიც ომში მეგობარ ქვეყანას ეხმარებიან, უკრაინის დამცველთა განწყობაზე განსხვავებულად საუბრობენ, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ ფრონტის ხაზზე ძალიან მძიმე მდგომარეობაა.
ლატვიელი მებრძოლი, მეტსახელად „მოჩვენება“, ამბობს: „სიტუაცია, ზოგადად, ძალიან რთულია. საუბარი აღარ არის 1991 ან 2022 წლის დროინდელი საზღვრების შენარჩუნებაზე, საქმე ეხება იმის არდაკარგვას, სადაც ამჟამად ვიბრძვით. მუდმივი ზეწოლაა. ტერიტორიები ყოველდღე იკარგება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიტუაცია სერიოზულია, განწყობა კი, რბილად რომ ითქვას, ძალიან, ძალიან, ძალიან ცუდი“.
სანდის რიექსტინიშის თქმით, ის კურსკის ოპერაციაშიც მონაწილეობდა. ქვედანაყოფი, რომელშიც იბრძვის, ძირითადად მოხალისეებისგან შედგება, ამიტომ ყველას საბრძოლო განწყობა აქვს.
კიდევ ერთმა ლატვიელმა ჯარისკაცმა, მეტსახელად „ლატინამ“, ასევე დაადასტურა, რომ ფრონტზე ძალიან მძიმე მდგომარეობაა.
„ჩვენ ახლა დონეცკის ოლქში, ტორეცკის ფრონტზე ვიმყოფებით. მე დრონების ქვედანაყოფის მეთაური ვარ. შედარებით უსაფრთხო მანძილზე, ცეცხლის ხაზიდან დაახლოებით 3 კილომეტრის დაშორებით ვართ განლაგებულნი (...) თავად ფრონტზე ძალიან მძიმე სურათია, ორივე მხრიდან ბევრი დაიღუპა. სამწუხაროდ, რუსეთი წინ მიიწევს და ჩვენ მუდმივად მათ შეკავებას ვცდილობთ, ყოველ შემთხვევაში, ყინვების დაწყებამდე მაინც, ვიდრე ახალი შევსებას მივიღებთ. იმედია, ტერიტორიების დაცვას მოვახერხებთ“, - აცხადებს „ლატინა“.
არტილერიის, საბრძოლო მასალისა და ხალხის ნაკლებობა
ლატვიელმა მოხალისეებმა აღნიშნეს, რომ დამპყრობლისგან თავის დასაცავად, უკრაინას ცოცხალი ძალა, არტილერია და აღჭურვილობა აკლია.
„პერსონალის და მომზადებული მებრძოლების მწვავე დეფიციტია. არაფერი შეცვლილა, ყველაფერი ისევ ისეა, როგორც ადრე იყო -ტექნიკის, იარაღის, ტანსაცმლის ნაკლებობაა. კიდევ უფრო ნაკლებია ის ხალხი, ვისაც იარაღის ხმარება შეუძლია. დრონებიც ასევე ძალიან საჭიროა“, - ამბობს „მოჩვენება“.
მოხალისეები ასევე აცხადებენ, რომ რუსეთი, დროდადრო, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ანადგურებს, წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე ყოფნა კი თავის დაცვას ართულებს.
მთავარი კითხვა - რას იზამს ტრამპი?
ყველა გამოკითხულმა ლატვიელმა მოხალისემ, რომელიც უკრაინაში იბრძვის, ერთხმად აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე მთავარი ის არის, რას იზამს დონალდ ტრამპი და აშშ-ს ხელისუფლების სათავეში მისი მოსვლა რა გავლენას მოახდენს ამერიკისა და ნატო-ს მხრიდან უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე.
„ახლა ჩვენ ყველას ის გვაფიქრებს, როგორი იქნება ნატო-ს მხარდაჭერა - როგორ წავა იარაღის, საბრძოლო მასალის მოწოდების საქმე? ეს ყველაფერი ძალიან გვჭირდება. თუ მხარდაჭერა შესუსტდება, მაშინ სამშვიდობო ხელშეკრულების დადება და ყველაფრის დასრულება მოგვიწევს. თუ იარაღი არ გვექნება, ფრონტზე არაფერი გვესაქმება“, - აცხადებს „ლატინა“.
გადაწყვიტეს, უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარონ
შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, ყველა ლატვიელ მოხალისეს გადაწყვეტილი აქვს, უკრაინაში დარჩეს და მას გამარჯვების მიღწევაში დაეხმაროს.
„მე კარგად ვიცი, აქ რატომ ჩამოვედი. არც კი მიცდია მესარგებლა ყველა იმ შესაძლებლობით, რაც გამაჩნდა, მათ შორის - ყოფილი პოლიტიკოსის სტატუსით. აქ ჯერ კიდევ მაქვს დასამთავრებელი საქმეები და რაც უფრო ადრე გავაკეთებ ამას, მით უკეთესი. ეს არის გამარჯვება და არა ის, რომ აქედან წასვლა მინდა“, - ამბობს რიექსტინში.
„აქ იმიტომ მოვედი, რომ ბოლომდე მებრძოლა. ამიტომ, როგორი სიტუაციაც არ უნდა იყოს, დასარჩენად მზად ვარ. გაქცევას არ ვაპირებ. სწორედ ამ ფიქრით ჩამოვედი აქ - დასახმარებლად და ჩემი საქმის შესასრულებლად“, - დასძინა „ლატინამ“.
წყარო: 1 არხი