უკრაინელები კონტრშეტევას შემდგომ კვირებში გეგმავენ, ვნახოთ რა იქნება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ვიცით, რომ უკრაინელები კონტრშეტევას უახლოეს კვირებში გეგმავენ. ვნახოთ, აქედან რა გამოვა. საბოლოო ჯამში, ბრძოლის ველზე წარმატება - ეს საუკეთესო და, ალბათ, ყველაზე სწრაფი გზაა მოლაპარაკებებისადმი, რომლებიც სამართლიან და მყარ მშვიდობამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა ბლინკენმა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა, ვინც მშვიდობის გამყარებაში მონაწილეობს, უშუალოდ უკრაინულ მხარეს ესაუბრებოდეს.
ამ მხრივ მან მშვიდობის მიღწევაში ჩინეთის შესაძლო როლზეც გააკეთა კომენტარი.
„ვფიქრობ, ყველა ქვეყნისთვის ვართ ღია, რომელიც საპასუხისმგებლო ძალისხმევას იღებს მშვიდობის მისაღწევად და ეს რამდენიმე საკითხით იწყება. უპირველეს ყოვლისა იმის აღიარებით, რომ საქმე უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ეხება, ამიტომ ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებას ეს საფუძვლად უნდა ედოს“, - აღნიშნა ბლინკენმა.