უკრაინის უმაღლესმა რადამ, 13 ივლისს, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც უკრაინაში სამედიცინო კანაფის ლეგალიზებას ითვალისწინებს.
კანონის მიღების შემთხვევაში მედიკამენტების წარმოებისთვის სამედიცინო კანაფის გამოყენება დაშვებული იქნება.
კანაფი 100-ზე მეტ განსხვავებულ ფსიქოტროპულ ნივთიერებას შეიცავს. მათ კანაბინოიდებს უწოდებენ და ადამიანის ორგანიზმზე განსხვავებულად ზემოქმედებენ. ექიმები სამედიცინო მიზნებისთვის იყენებენ მხოლოდ ორი სახის კანაბინოიდებს - კანაბიდიოლს და დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბიდოლს (THC). კანაბიდიოლს არ აქვს ნარკოტიკული თვისებები, THC-ს მცირე ინტოქსიკაციის უნარი აქვს. მედიცინაში ყველაზე ხშირად გამოყენებული პრეპარატი არის კანაბიდიოლი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ნარკოლოგიის ექსპერტიზის კომიტეტის 2018-2019 წლების ანგარიშის მიხედვით, კანაბიდიოლი ფსიქოაქტიური ნივთიერება არ არის. კანაფის ზეთი CBD შემცველობით არ იწვევს ნარკოტიკულ ინტოქსიკაციას და დამოკიდებულებას და არ გააჩნია სერიოზული გვერდითი მოვლენები. ამავე დროს, მას მნიშვნელოვანი თერაპიული ეფექტი აქვს.
მსოფლიოში სამედიცინო მარიხუანას აქტიურად იყენებენ. ის ნებადართულია 56 ქვეყანაში, მათ შორის ნორვეგიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, ავსტრიაში, ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, პორტუგალიაში, ჩეხეთში, პოლონეთში, საბერძნეთში, დანიაში, ბელგიაში, ისრაელში, აშშ-სა და კანადაში.