უკრაინის ხელისუფლებამ უარყო აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული ბუნებრივი რესურსების შეთანხმების ახალი ვერსია, რომელიც ვაშინგტონისთვის 500 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების რესურსების გადაცემას ითვალისწინებდა, - ინფორმაციას Bloomberg-ი უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე, ამერიკულმა გამოცემა The New York Times-მა დაწერა, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის რესურსების შესახებ შეთანხმების ახალი ვერსიის თანახმად, მიღებული შემოსავალი უნდა გაიგზავნოს ფონდში, სადაც აშშ 100%-ს მიიღებს.
კიევს სთხოვენ ფონდში წვლილის შეტანას მანამ, სანამ ის 500 მილიარდ დოლარს არ მიაღწევს, რასაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამერიკული დახმარების სანაცვლოდ ითხოვს.
უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ კიევი აშშ-ის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. მისი თქმით, უკრაინის შეფასებით, შეერთებული შტატების მიერ გაწეული დახმარება 90 მილიარდი ევროს ღირებულებისაა. წყაროს ინფორმაციით, კიდევ ერთი დაბრკოლება აშშ-ის მხრიდან მომავალი სამხედრო და ფინანსური დახმარების გარანტიების არ არსებობაა.
წყარო: ipn.ge