უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა და აშშ „მეგა შეთანხმებას“ განიხილავენ, რომლის ფარგლებშიც ვაშინგტონი – უკრაინულ დრონებს, ხოლო კიევი ამერიკულ შეიარაღებას შეიძენს. The New York Post-თან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპთან ბოლო საუბარი ეხებოდა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, აშშ და უკრაინა ერთმანეთს მხარს დაუჭერენ ტექნოლოგიების სფეროში.

ამ შეთანხმების ფარგლებში კიევი შესაძლებლობას მიიღებს, შეიძინოს ზოგიერთი ამერიკული იარაღი, ხოლო აშშ ბრძოლის ველზე გამოცდილ უკრაინულ დრონებს იყიდის, თუმცა ამ შეთანხმების დეტალები ჯერ კიდევ არ არის ნათელი.

„ამერიკელ ხალხს სჭირდება ეს ტექნოლოგია და თქვენ უნდა გქონდეთ ის თქვენს არსენალში. ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად მეგა შეთანხმებაა, ორივე მხარისთვის მომგებიანი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა, გაუზიაროს თავისი გამოცდილება უპილოტო ტექნოლოგიების სფეროში „ამერიკას და სხვა ევროპულ პარტნიორებს“.

ზელენსკის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს დანიასთან, ნორვეგიასა და გერმანიასთან.