უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის მიერ ჩამოგდებულ რუსულ დრონებში დასავლელი მწარმოებლების მიერ დამზადებული კომპონენტები აღმოაჩინეს. მათ შორის არის შვეიცარიაში დამზადებული ნაწილებიც.
„კვირა ღამით განხორციელებული მასირებული თავდასხმების დროს, რუსეთმა გამოიყენა იარაღის 549 სისტემა, რომლებიც საზღვარგარეთ წარმოებულ 102 785 კომპონენტს შეიცავდნენ“, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში ორშაბათს. მან დაასახელა ათეულობით ქვეყანა, რომლებიც იმაში დაადანაშაულა, რომ მიწოდებების აღკვეთა ვერ მოახერხეს. მათ შორის არის შვეიცარია, შეერთებული შტატები და გერმანია.
უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა ასევე დაასახელა ჩინეთი, ტაივანი, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა და ნიდერლანდები. ზელენსკის თქმით, ჩამოგდებულ დრონებსა და რაკეტებში ნაპოვნი კომპონენტები მოიცავდა კონვერტორებს, სენსორებსა და მიკროკომპიუტერებს.
„უპილოტო საფრენი აპარატების მიკროკონტროლერები შვეიცარიაში იწარმოება, ხოლო დრონების ფრენის კონტროლისთვის განკუთვნილი მიკროკომპიუტერები — დიდ ბრიტანეთში“, - დააკონკრეტა ზელენსკიმ. მან მათი მწარმოებლების წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა, ასევე აღნიშნა, რომ კიევმა „მიწოდების ჯაჭვების შეზღუდვის“ შესახებ წინადადებები წარადგინა. „ჩვენს პარტნიორებს უკვე აქვთ დეტალური მონაცემები ყველა კომპანიისა და ყველა პროდუქტის შესახებ. მათ იციან, რა უნდა გახდეს სამიზნე და როგორ იმოქმედონ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
კვირა ღამით, რუსეთი უკრაინას თითქმის 500 დრონითა და 50-ზე მეტი რაკეტით დაესხა თავს. დაიღუპა ხუთი ადამიანი, ათობით კი დაშავდა. ზოგიერთ რეგიონში, მათ შორის, ლვოვის ოლქში (დასავლეთ უკრაინა), თავდასხმებმა ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.
1 არხი