აშშ-ისგან უკრაინამ 31 მაისს მიიღო სიგნალი, რომ რუსეთისგან თავის დასაცავად, რუსეთისვე ტერიტორიაზე ამერიკული იარაღით იერიშის უფლებას აძლევს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვედეთში, უკრაინა-ჩრდილოეთ ევროპის მესამე სამიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ამერიკული მხრისგან გამოგზავნილი ეს მესიჯი ამ დილით (31 მაისი. რედ.) ჩემი სამხედროებისგან მივიღე. ამის შესახებ დეტალებს ვერ გეტყვით", - განაცხადა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა. მან აშშ-ის გადაწყვეტილებას მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე, უწოდა „წინგადადგმული ნაბიჯი უკრაინისთვის, რომელიც მას სასაზღვრო ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის დაცვის შესაძლებლობას აძლევს".

30 მაისს გავრცელდა ცნობა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას უფლება მისცა, ამერიკული იარაღი გამოიყენოს დარტყმებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე, ქალაქ ხარკოვის დასაცავად.