შვეიცარიის უმსხვილესი ბანკი, UBS მის მიერ ივნისში შერწყმული Credit Suisse-ის ზოგიერთი რუსი კლიენტის ჩამოშორებას აპირებს, რაც შესაძლოა, მომხმარებელთა, დაახლოებით, 50-75%-ს შეადგენდეს. ინფორმაციას გაზეთი, Blick წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაზეთის ცნობით, „Credit Suisse-ის რიგ საერთაშორისო კერძო კლიენტს“ ახალი ბანკის მოძებნა მოუწევს და ამ პროცესში „ყველაზე მეტად რუსი კლიენტები დაზარალდებიან.“ გამოცემა წერს, რომ Credit Suisse-ის კლიენტების 50-75%-ის ჩამოშორებაზე გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მას შემდეგ მიიღეს, რაც UBS-მა „შეძენილი ბანკის კლიენტთა დოსიეებზე წვდომა მოიპოვა.“
სტატიაში ნათქვამია, რომ მართალია, „ჯერ გაურკვეველია, თუ რომელ რუსებზეა საუბარი,“ თუმცა გაზეთის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ეს შესაძლოა, ძირითადად, „რუს ოფშორულ კლიენტებს“ შეეხოს.
UBS-ს „არ სურს, ამ თემაზე დეტალური კომენტარის გაკეთება,” თუმცა გამოცემასთან ხაზგასმით შენიშნავს, რომ ბანკს „რისკების უფრო კონსერვატიული პროფილი აქვს, ვიდრე Credit Suisse-ს ჰქონდა.“ ბანკი, ასევე, ხაზგასმით აცხადებს, რომ „UBS-ს დიდი ხანია, მეტად ფრთხილი პოზიცია უკავია რუს კლიენტებთან ურთიერთობაში“ და „რუსებთან ახალ საქმეებს აღარ იწყებს,“ მაშინ, როცა Credit Suisse-მა „რუსეთში საშუალოზე მაღალ შემოსავალს მიაღწია.“
Credit Suisse-მა ბანკის 167-წლიან ისტორიაში ყველაზე დიდი ზარალი 2022 წელს განიცადა, რაც სტარტაპ Greensill Capital-ისა და საინვესტიციო ფონდ Archegos Capital Management-ის გაკოტრებამ განაპირობა. კონკურენტმა ბანკმა, UBS-მა Credit Suisse-ის შერწყმის პროცესი ივნისში დაასრულა.
შვეიცარია, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის, უკრაინის ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს თავიდანვე უჭერს მხარს. შვეიცარიის ეკონომიკის სახელმწიფო სამდივნოს მონაცემებით, ქვეყანაში 7,5 მლრდ ფრანკის (8,6 მლრდ დოლარზე მეტი) ღირებულების რუსული აქტივები და უძრავი ქონების 15 ობიექტი არის გაყინული. 10 მაისს შვეიცარიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ქვეყანაში რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი სახსრები 7,4 მლრდ ფრანკს (8,5 მლრდ დოლარზე მეტს) შეადგენს.