თურქეთი მომავალ წელს აპირებს ექსპლუატაციაში გაუშვას აკუიუს ატომური ელექტროსადგურის პირველი ბლოკი, რომელსაც რუსული Росатом ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მერსინის პროვინციაში აშენებს.
ამის შესახებ თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მეჰმედ ფატიჰ კაჩირმა ანკარაში გამართულ ენერგეტიკულ სამიტზე გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებასა და წარმოებაზე. მომავალ წელს ჩვენ გავუშვებთ აკუიუს პირველ რეაქტორს. ვაგრძელებთ ჩვენს საერთაშორისო მოლაპარაკებებს სინოპისა და იგნეადას პროექტებზე“, - განაცხადა მეჰმეთ ფატიჰ კაჩირმა.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ თურქ და საერთაშორისო პარტნიორებს შორის გრძელდება მუშაობა ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად, კერძოდ, მცირე მოდულარული რეაქტორებისა და გამდნარი მარილის რეაქტორების განსახორციელებლად.
როგორც ცნობილია, აკუიუ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა 2010 წელს იყო შეთანხმებული, მშენებლობა მხოლოდ 2018 წელს დაიწყო. პროექტს რუსული Росатом-ი ახორციელებს. სადგურის გეგმური ჯამური სიმძლავრე, რომელსაც ოთხი რეაქტორი ექნება, 4800 მეგავატია.