თურქეთის ფარმაცევტული სექტორი ვარდნას განიცდის და თუ ვითარება არ გამოსწორდება, მედიკამენტების მიწოდების კუთხით შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეიქმნას. ამის შესახებ თურქული სამედიცინო გამოცემა
medimagazin.com წერს.
გამოცემასთან საუბარში თურქეთის ფარმაცევტული წარმოების დამსაქმებელთა კავშირის გენერალური მდივანი სავაშ მალკოჩი აღნიშნავს, რომ, სირთულეების მიუხედავად, სექტორი წარმოების გაგრძელებას ცდილობს, თუმცა სერიოზული პრობლემები - ეკონომიკური ზეწოლა, ხარჯების ზრდა, მედიკამენტებზე დაწესებული გაცვლითი კურსი და წამლების ფასების შესახებ მოქმედი კანონი - ისევ გამოწვევად რჩება.
მისი თქმით, ისინი შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობენ და ყველა აუცილებელი ზომის შესახებ საუბრობენ, რომელთა მიზანი ფასწარმოქმნის კანონმდებლობის შეცვლა უნდა იყოს.
მისივე განცხადებით, მართალია, თურქეთის მოქალაქეების მიერ გამოყენებული მედიკამენტების 92% ადგილობრივი ნაწარმზე მოდის, ფარმაცევტული წარმოება ბოლო 8 წელია ეცემა.
2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, წლიურ ჭრილში ვარდნამ 7%-ს გადააჭარბა.
„ჩვენმა ფარმაცევტულმა წარმოებამ საერთაშორისო სტანდარტებსაც კი გადააჭარბა, თუმცა იმ ეკონომიკურ პირობებში, რომლებშიც ჩვენ ვიმყოფებით, წარმოება ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო რთული ხდება. კრედიტების გაძვირება, მუშახელსა და ნედლეულზე სწრაფად მზარდი ხარჯები იწვევს იმას, რომ სექტორი სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე დგას. დღეისათვის ევროს გაცვლითი კურსი 40 თურქულ ლირას უტოლდება იმ დროს, როცა წამლების ფასწარმოქმნაში გამოყენებული კურსით ეს მხოლოდ 21,67 ლირაა. ეს ყველაფერი არის იმის ნიშანი, რომ მიწოდებისა და შიდა წარმოების სერიოზული კრიზისი გვიახლოვდება,“ - განაცხადა სავაშ მალკოჩმა.
მან ასევე განაცხადა, რომ თუკი პრობლემის მოგვარების გზები უახლოეს მომავალში ვერ გამოიძებნება, შესაძლოა, მედიკამენტების მიწოდების ჯაჭვი გაწყდეს და პაციენტებს ძირითად პრეპარატებთან წვდომა შეეზღუდოს. „ჩვენ მოვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ მიიღოს გადაწყვეტილება ფარმაცევტული წარმოების სიმყარის უზრუნველსაყოფად,“ - განაცხადა კავშირის ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, აუცილებელია ფარმაცევტული პროდუქციის ფასწარმოქმნის სისტემის რეორგანიზაცია და ყოვლისმომცველი რეფორმის განხორციელება.
jandacva.ge