ბაიდენის ადმინისტრაცია აწარმოებს მოლაპარაკებებს Intel-თან, რათა მას $10 მლრდ-ზე მეტი სუბსიდიები გამოუყოს და გააფართოოს წარმოება შეერთებულ შტატებში. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.

ეს იქნება ყველაზე დიდი თანხა ნახევარგამტარების წარმოების აშშ-ში დაბრუნებისთვის. Intel-ის სუბსიდიების პაკეტი, სავარაუდოდ, შეიცავს როგორც სესხებს, ასევე პირდაპირ გრანტებს. Intel-ის გრანტებსა და სესხებს შორის თანხების ზუსტი განაწილება ჯერ არ არის დადგენილი, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

2022 წლის „ჩიპების და მეცნიერების აქტი“, რომელიც მიზნად ისახავს ამერიკული ნახევარგამტარული ინდუსტრიის გამოცოცხლებას, მოიცავს $39 მლრდ-ს პირდაპირ გრანტებში და $75 მლრდ-ის სესხებსა და საკრედიტო გარანტიებს. თანხები მოხმარდება მსოფლიოს წამყვანი ჩიპების მწარმოებლების მოზიდვას, რათა აწარმოონ თავიანთი პროდუქცია შეერთებულ შტატებში.

პრეზიდენტი ჯო ბაიდენის თანამდებობის დაკავების შემდეგ, ჩიპების კომპანიებმა შეერთებულ შტატებში $230 მლრდ-ზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს. ბაიდენის ადმინისტრაციის მიზანია 2030 წლისთვის შექმნას მინიმუმ 2 მოწინავე წარმოების კლასტერი.