„ლივერპული“ მომავალ სეზონში ალისონის შენარჩუნებას არ გამორიცხავს, რამაც შეიძლება გიორგი მამარდაშვილის „ენფილდზე“ გადასვლა შეაფერხოს, – ამის შესახებ გამოცემა TBR Football-ი წერს.

„გასულ ზაფხულს „ლივერპულმა“ მამარდაშვილი დაახლოებით 30 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა და მიუხედავად იმისა, რომ „ბორნმუთში“ იჯარაზე საუბრობდნენ, კიდევ ერთი სეზონი „ვალენსიაში“ დარჩა.

ქართველი მეკარე „ენფილდზე“ ზაფხულში უნდა ჩავიდეს, მაგრამ თუ ალისონი „ლივერპულში“ დარჩება, ვითარება შეიძლება შეიცვალოს. 32 წლის ბრაზილელ მეკარეს კონტრაქტი 2026 წელს უმთავრდება და ინგლისში აღარ არიან დარწმუნებულნი, რომ ალისონი გუნდს დატოვებს.

როგორც ირკვევა, გიორგი მამარდაშვილის თაობაზე არნე სლოტს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. არაბული კლუბების მხრიდან ინტერესის მიუხედავად, მერსისაიდელებს არ სურთ ალისონის გაშვება. სამაგიეროდ, „ლივერპულის“ ამჟამინდელი მეორე მეკარე, კაოიმინ კელეჰერი, დიდი ალბათობით, გუნდს დატოვებს, ასეთ შემთხვევაში 24 წლის მამარდაშვილი, შესაძლოა, არჩევანი წინაშე დადგეს – იყოს მეორე მეკარე „ლივერპულში“, ან იჯარით წავიდეს რომელიმე სხვა კლუბში“, – წერს TBR Football-ი.

1tv.ge