კალიფორნიაში ტყის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა ამ დროისთვის, წინასწარი შეფასებით, 50 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ ამერიკული მედიაორგანიზაცია AccuWeather-ი იტყობინება.

„უახლოეს დღეებში კიდევ დიდი რაოდენობით ნაგებობა თუ დაიწვება, შესაძლოა, ეს გახდეს ყველაზე მასშტაბური ხანძარი კალიფორნიის თანამედროვე ისტორიაში განადგურებული ნაგებობებისა და ეკონომიკური ზარალის მიხედვით“, – განაცხადა AccuWeather-ის მთავარმა მეტეოროლოგისტმა, ჯონათან პორტერმა.

ხანძარმა გაანადგურა ორი ათასამდე ნაგებობა. ცეცხლი გავრცელდა „ჰოლივუდ ჰილსში“, მათ შორის იმ ტერიტორიაზე, სადაც ჰოლივუდის ვარსკვლავების საცხოვრებელი სახლებია განლაგებული. დამწვარია პერის ჰილტონის, ბილი კრისტალისა და ადამ ბროდის სახლები.

მასშტაბურ ხანძარს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის ზონიდან 137 ათასი ადამიანია ევაკუირებული. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 1,5 მილიონზე მეტი მცხოვრები. ამჟამად მეხანძრეები ცეცხლის ექვს კერას ებრძვიან. მშრალი ამინდი და ქარი ცეცხლის ქრობის ოპერაციას ართულებს. სტიქიის გამო აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა იტალიაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.

1tv.ge