აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მადლობას უხდის ეროვნულ გვარდიას ლოს ანჯელესში შესრულებული სამუშაოსთვის და აცხადებს, რომ „რადიკალი მემარცხენეების პროტესტები არ იქნება შეწყნარებული“. ამასთან, ტრამპი აღნიშნავს, რომ ამიერიდან საპროტესტო აქციებზე ნიღბების გამოყენება აიკრძალება.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტი თავის სოციალურ ქსელში, Truth Social-ში წერს, აშშ-ს ჰყავს არაკომპეტენტური გუბერნატორი და მერი, რომლებსაც, როგორც ჩვეულებრივ, არ შეუძლიათ, გაუმკლავდნენ ამოცანას.
„ეროვნული გვარდიის შესანიშნავი სამუშაო ორდღიანი ძალადობის, შეტაკებების და არეულობის შემდეგ. ჩვენ გვყავს არაკომპეტენტური გუბერნატორი და მერი, რომლებსაც, როგორც ჩვეულებრივ, არ შეუძლიათ, გაუმკლავდნენ ამოცანას (მხოლოდ შეხედეთ, როგორ გაუმკლავდნენ ისინი ხანძრებს და ახლა მათი ძალიან ნელი რეაგირება კატასტროფაზე). წამქეზებლებისა და ხშირად პრობლემების შემქმნელების მიერ დაფინანსებული ორგანიზებული რადიკალი მემარცხენეების პროტესტი არ იქნება შეწყნარებული. ასევე, ამიერიდან ნიღბების ტარება არ დაიშვება საპროტესტო აქციებზე. რა აქვს ამ ხალხს დასამალი და რატომ? კიდევ ერთხელ, მადლობა ეროვნულ გვარდიას კარგად შესრულებული სამუშაოსთვის“, – წერს დონალდ ტრამპი.
მანამდე დონალდ ტრამპმა ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის ორი ათასი წევრის განთავსების განკარგულება გასცა მას შემდეგ, რაც საიმიგრაციო აღსრულების ოპერაციების გამო დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა.
შეტაკებები საიმიგრაციო სამსახურის ფედერალურ აგენტებსა და დემონსტრანტებს შორის კალიფორნიაში, ორი დღეა, გრძელდება. არეულობა საიმიგრაციო სამსახურის მიერ უსაბუთო მიგრანტების წინააღმდეგ რეიდების ჩატარებას მოჰყვა. შეტაკებები ქალაქ ლოს ანჯელესში, ასევე მიმდებარე დასახლებებში – პარამაუნტსა და კომპტონში მოხდა. დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს „მოლოტოვის კოქტეილები“, ქვები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს. აქციის მონაწილეების დასაშლელად გამოიყენეს ცრემლსადენი აირი და რეზინის ხელკეტები. ბოლო ორი დღის განმავლობაში დაკავებულია 118 ადამიანი. ვრცელდება ცნობები დაშავებულების შესახებ.