აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას სენატის მიერ მიღებულ კანონპროექტს „ძალიან დიდი გამარჯვება” უწოდა.

ტრამპმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს და სენატის უმრავლესობის ლიდერს, ჯონ ტუნს გამარჯვება მიულოცა, მას შემდეგ, რაც სენატის დემოკრატებმა რესპუბლიკელებთან ერთად მხარი დაუჭირეს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნის” დასასრულებლად კანონის მიღებას.

„გილოცავთ ყველას ძალიან დიდ გამარჯვებას. ჩვენ ვხსნით ჩვენს ქვეყანას, რომელიც არასდროს უნდა დაგვეხურა“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ESPN-ის ჟურნალისტ პეტ მაკაფისთან სატელეფონო ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ სენატის მიერ მიღებულ კანონს წარმომადგენელთა პალატაში, სავარაუდოდ, ხვალ დაამტკიცებენ.

„წარმომადგენელთა პალატა აპირებს ხმის მიცემას და მე ვფიქრობ, რომ ისინი დადებითად მისცემენ ხმას. ვფიქრობ, ადამიანების უმეტესობას სურს გახსნა. მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა სძულთ, მხოლოდ მათ არ სურთ მისი გახსნა, რადგან ჩვენი ქვეყანა ძალიან კარგად მიდის“, – აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის სენატმა მიიღო კანონი, რომელიც პირველი ნაბიჯია მთავრობის ხელახალი გახსნისკენ, ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნის“ შემდეგ. დემოკრატთა მცირე ჯგუფმა რესპუბლიკელებს მხარი დაუჭირა, რათა შეთანხმებისთვის მიეღწიათ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. შათდაუნი, რომელიც დაფინანსების შეწყვეტის გამო ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერებას ნიშნავს, პირველი ოქტომბრიდან გამოცხადდა. ამის მიზეზი დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ბიუჯეტის ახალ პროექტთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობაა. უთანხმოების მთავარი მიზეზი ჯანდაცვის ხარჯებია.

1tv.ge