ინდური ვალუტა 5 აგვისტოს მდგომარეობით რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე, დოლარზე 88 რუპიამდე დაეცა. მიზეზად დონალდ ტრამპის მიერ ინდურ საქონელზე ტარიფების მნიშვნელოვნად გაზრდის მუქარა სახელდება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

რუპიის წინა, რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი, ანუ დოლარზე 87.95-იანი ნიშნული მიმდინარე წლის თებერვალში დაფიქსირდა.

დონალდ ტრამპი ინდოეთს რუსული ნავთობის დიდი მოგებით ყიდვასა და გადაყიდვაში ადანაშაულებს. აშშ-ის პრეზიდენტმა გასულ კვირას ინდოეთიდან იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა, რამაც მოსალოდნელ დონეს გადააჭარბა.

საპასუხოდ ინდოეთის მთავრობა აცხადებს, რომ თავისი ეროვნული ინტერესებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების დასაცავად ყველაფერს აკეთებს.

ფინანსური ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ახალი ტარიფების მუქარა რუპიაზე ზეწოლას გაზრდის, რომელიც ვაშინგტონთან დაძაბული სავაჭრო ურთიერთობის გამო ისედაც თავდასხმის ქვეშაა. ინვესტორები შიშობენ, რომ დაძაბულობის ზრდამ ინდოეთის აქციებიდან შესაძლოა, უცხოური კაპიტალის გადინება გამოიწვიოს.

ცნობისთვის, ინდოეთი ამჟამად რუსული ნავთობის სიდიდით მეორე იმპორტიორი ქვეყანაა, მაშინ, როცა 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე ამ ნავთობს, თითქმის, არ ყიდულობდა.

გუშინ, 4 აგვისტოს ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთი რუსული ნავთობით ფულს შოულობს და უკრაინაში ადამიანების მსხვერპლი არ ადარდებს.

ბიზნესპრესნიუსი