ამერიკელმა ფედერალურმა მოსამართლემ, ელისონ ბეროუზმა დროებით შეაჩერა ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომლითაც ჰარვარდის უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების მიღების უფლებამოსილება ეზღუდება.

მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე თეთრი სახლის სპიკერმა, ებიგეილ ჯექსონმა სარჩელი გააკრიტიკა.

"ჰარვარდი საკუთარ კამპუსზე ანტიამერიკელი, ანტისემიტი, პროტერორისტი აგიტატორების ჭირის დასრულებაზე რომ დარდობდეს ამდენს, ამ სიტუაციაში არც აღმოჩნდებოდნენ. ჰარვარდმა საკუთარი დრო და რესურსები არასერიოზული საჩივრების შეტანის ნაცვლად უსაფრთხო კამპუსის გარემოს შექმნაზე უნდა დახარჯოს". - თქვა ჯექსონმა.

მანამდე, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 22 მაისს ჰარვარდის უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების მიღების უფლება მას შემდეგ შეუზღუდა, რაც უნივერსიტეტმა რამდენიმე უცხოელი სტუდენტის შესახებ ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა.

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, კრისტი ნოემმა ჰარვარდი "ძალადობის წახალისებაში, ანტისემიტიზმსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან კოორდინაციაში" დაადანაშაულა.

ნოემმა ჰარვარდს მისწერა, რომ მას შეუძლია სერტიფიკატის აღდგენა, თუ უნივერსიტეტი 72 საათში უცხოელი სტუდენტების შესახებ მასალებს წარადგენს. მინისტრი, მათ შორის, იმ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს ითხოვს, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამართულ საპროტესტო აქტივობებს ასახავს.

ჰარვარდმა მთავრობას ამ ქმედების გამო სასამართლოში უჩივლა. ბოსტონის ფედერალურ სასამართლოში შეტანილ საჩივარში ჰარვარდმა აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის კონსტიტუციისა და სხვა ფედერალური კანონების "აშკარა დარღვევად" შეაფასა და განაცხადა, რომ მას "დაუყოვნებელი და გამანადგურებელი ეფექტი“ ჰქონდა, როგორც უნივერსიტეტისთვის, ისე 7,000-ზე მეტ ვიზის მფლობელისთვის.

tabula.ge