უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ დაადასტურა, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რის ფარგლებშიც მხარეებმა რუსეთიდან უნგრეთში ნავთობის იმპორტის საკითხი განიხილეს.
"პრემიერმინისტრი [ვიქტორ ორბანი] ბოლო პერიოდში ასევე ესაუბრა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მათ განიხილეს სხვადასხვა საკითხები, მათ შორის ომის ვითარება, მშვიდობის შესაძლებლობა, მსოფლიო ეკონომიკის მდგომარეობა, ტარიფებით გამოწვეული მდგომარეობა და, რა თქმა უნდა, ცენტრალური ევროპის ენერგორესურსებით მომარაგების საკითხი. ეს რამდენიმე საათის წინ მოხდა," განუცხადა სიიარტომ რეპორტიორებს რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ.
მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის ეკონომიკაზე წნეხის გაზრდის მიზნით მოითხოვა, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა რუსეთიდან მთლიანად შეწყვიტონ ნავთობის იმპორტი.
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას კი ტრამპმა აღნიშნა, რომ მზადაა, საკითხი ორბანთანაც განიხილოს.
"ის ჩემი მეგობარია. მასთან არ მილაპარაკია, მაგრამ მაქვს განცდა, რომ თუ დაველაპარაკები, შესაძლოა შეწყვიტოს და ვფიქრობ, ამას გავაკეთებ," თქვა ტრამპმა 23 სექტემბერს.
თავის მხრივ, ორბანის კაბინეტის წევრმა, გერგეი გუიაშმა საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ ორბანმა ტრამპს უნგრეთის პერსპექტივა დაანახა, რასაც აშშ-ს პრეზიდენტი გაგებით მოეკიდა.
"მან ამერიკის პრეზიდენტს უნგრეთის გადმოსახედი გააცნო, რაც წარმოადგენს რაციონალურ გადაწყვეტილებას ქვეყნის ინტერესებისთვის და რაც საჭიროა კომუნალური ხარჯების დაბალ დონეზე შენარჩუნებისთვის," თქვა გუიაშმა.