აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა BBC-ის წინააღმდეგ ცილისწამების ბრალდებით სარჩელი შეიტანა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
სარჩელში აშშ-ის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ კორპორაციის დოკუმენტურ ფილმში „პანორამა“ ის „ყალბად, ცილისმწამებლურად, დამამცირებლად, პროვოკაციულად და ბოროტად“ არის წარმოჩენილი.
საჩივარი მაუწყებლის მიერ ტრამპის 2021 წელს წარმოთქმული სიტყვის რედაქტირებას ეხება, როდესაც მისმა მხარდამჭერებმა კაპიტოლიუმის შენობა შტურმით აიღეს.
აშშ-ის პრეზიდენტი ცილისწამების შესახებ სარჩელის ფარგლებში მინიმუმ 5 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციას ითხოვს.
მან ასევე 5 მილიარდი დოლარის მოთხოვნით სარჩელი შეიტანა სავაჭრო პრაქტიკის შესახებ კანონის დარღვევისთვის.
ორივე სარჩელი ფლორიდის სასამართლოშია შეტანილი.
„მალე იხილავთ, როგორ ვუჩივლებ BBC-ის ჩემთვის “სიტყვების ჩადების გამო”. პირდაპირი მნიშვნელობით - მათ „სიტყვები ჩამიდეს“, მათქმევინეს ისეთი რამ, რაც არასდროს მითქვამს“, - აღნიშნა ტრამპმა ორშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, BBC-ის გენერალურმა დირექტორმა, ტიმ დეივიმ და საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელმა, დებორა ტერნესმა თანამდებობები დატოვეს მას შემდეგ, რაც კორპორაცია გააკრიტიკეს იმის გამო, რომ BBC-ის დოკუმენტურმა ფილმმა Panorama-მ დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის რედაქტირებით მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა. დონალდ ტრამპს კორპორაციის სახელით ბოდიში მოუხადა BBC-ის ხელმძღვანელმა, სამირ შაჰმა.
მანამდე, გამოცემა The Telegraph-მა გამოაქვეყნა BBC-ის შიდა მემორანდუმის დეტალები, რომელშიც ნათქვამია, რომ Panorama-ს პროგრამამ აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლის ორი ნაწილი ერთად დაამონტაჟა, რათა ისე წარმოჩენილიყო, რომ მან 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმზე მომხდარი არეულობა წაახალისა.
ipn.ge