აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, გუანტანამოს ციხეში 30 000-მდე არალეგალ მიგრანტს მოათავსებენ.

თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ის დაავალებს თავდაცვის დეპარტამენტსა და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს, გუანტანამოზე მოამზადონ დაწესებულება "ყველაზე საშინელი არალეგალი კრიმინალებისთვის"

"ზოგიერთი მათგანი იმდენად საშინელია, სხვა ქვეყნებს ვერ ვანდობთ მათთან გამკლავებას. ჩვენ არ გვინდა, რომ ისინი დაბრუნდნენ. ამიტომ, გუანტანამოზე გავუშვებთ. გასაქცევად საკმაოდ რთული ადგილია" – თქვა ტრამპმა.

გუანტანამოს ყურეში მდებარე ამერიკის ბაზაზე ციხეა მოწყობილი, სადაც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში ეჭვმიტანილ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ათავსებენ.

ტრამპის ბრძანებით, ბაზაზე არსებული მიგრანტთა ოპერაციების ცენტრი გაფართოვდება არალეგალი მიგრანტების მოსათავსებლად. არსებული ინფორმაციით, ამჟამად, ცენტრში იმყოფებიან ზღვაში დაკავებული პირები.

tabula.ge