მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა 7 თებერვალს განაცხადა, რომ აშშ-ში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, მექსიკამ ამერიკისგან 11 000 დეპორტირებული მიგრანტი მიიღო, რომელთაგანაც 2 500 არამექსიკელი იყო.
პრესკონფერენციაზე საუბრისას შეინბაუმმა დაამატა, რომ, თავის მხრივ, მექსიკამ დეპორტირებული მიგრანტების გარკვეული ნაწილის რეპატრიაცია დაიწყო ჰონდურასში, თუმცა, ხაზი გაუსვა, რომ პროცესი ნებაყოფლობითი იყო.
მისი თქმით, ჰონდურასში მიგრანტები თვითმფრინავებისა და ხმელეთის მეშვეობით გაგზავნეს.
"ეს ნებაყოფლობითი იყო. ჩვენ გავაცილებთ მათ, რათა თავიანთ ქვეყნებში დაბრუნება შეძლონ". - თქვა მან.
3 თებერვალს შეინბაუმი აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან, შეთანხმდა, რომ მექსიკა ჩრდილოეთ საზღვარზე ეროვნული გვარდიის 10 000 წევრს განალაგებს, საზღვარზე ნარკოტიკების, კერძოდ ფენტანილის, კონტრაბანდის შეჩერების მიზნით.
შეთანხმების მიღწევის შემდეგ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ერთი თვით გადაავადებს მექსიკის წინააღმდეგ გამოცხადებული 25%-იანი ტარიფების დაწესებას.
6 თებერვლის ინფორმაციით, აშშ-ს საზღვართან 10 000 სამხედროს გაგზავნა მექსიკამ უკვე დაიწყო.