აშშ გრენლანდიასთან შეთანხმების დადების ვარიანტს განიხილავს, - ინფორმაციას The Economist-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის მიერ გრენლანდიის პირდაპირი ანექსია ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ორი მიზანი აქვს: გრენლანდიასა და დანიას შორის უთანხმოების გაღვივება და დანიის გვერდის ავლით, გრენლანდიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების დადება.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შეთანხმების პროექტზე მუშაობს, რათა იგი გრენლანდიის ხელმძღვანელობას წარუდგინოს.

აშშ-ის ადმინისტრაცია ე.წ. თავისუფალი ასოცირების ხელშეკრულების (COFA) შეთავაზების შესაძლებლობას განიხილავს, რომელსაც აშშ ისტორიულად წყნარი ოკეანის მცირე ზომის სახელმწიფოებს სთავაზობს.

მსგავსი შეთანხმება აშშ-ს მიკრონეზიასთან, მარშალის კუნძულებთან და პალაუსთან აქვს დადებული. ხელშეკრულების ფარგლებში აშშ ხელმომწერ სახელმწიფოებს ფინანსურ დახმარებას უწევს, ხოლო აშშ სამხედრო თვალსაზრისით თავისუფლად მოქმედების უფლებას იღებს.

გამოცემა წერს, რომ გრენლანდიაზე ამერიკელი სამხედროების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არსებობს, თუმცა ნებისმიერი სახის ცვლილება დანიის მხრიდან თანხმობას მოითხოვს.

ipn.ge