დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს 60 მილიონი დოლარის დაფინანსება შეუჩერა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი აშშ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური სერვისების დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური სერვისების დეპარტამენტის განცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის 60 მილიონი დოლარის ოდენობის ფედერალური გრანტების გაცემას წყვეტს, რადგან უნივერსიტეტი კამპუსებში გამოვლენილ „ანტისემიტური შევიწროებისა და ეთნიკური დისკრიმინაციის შემთხვევებს ვერ გაუმკლავდა“.
„იმის გამო, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტმა ანტისემიტური შევიწროებისა და რასობრივი დისკრიმინაციის შემთხვევებთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება ვერ მოახდინა, დეპარტამენტი რამდენიმე მრავალწლიანი გრანტის გაცემას წყვეტს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის თითქმის 3 მილიარდი დოლარის ოდენობის ფედერალური გრანტები და კონტრაქტები გაყინა. გასულ თვეში ჰარვარდის უნივერსიტეტმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.