აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთისთვის F-35-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვის საკითხს განიხილავს.
„მათ ბევრი თვითმფრინავის შეძენა სურთ. ჩვენ საუკეთესო თვითმფრინავებს და რაკეტებს ვაწარმოებთ. თქვენ ეს ნახეთ, როდესაც ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. მე ვფიქრობ, მიყიდვის საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ საუდის არაბეთი აბრაამის შეთანხმებასაც მალე შეუერთდება. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ საკითხს საუდის არაბეთის პრინც მოჰამედ ბინ-სალმანთან შეხვედრისას განიხილავს.
ტრამპმა კომენტარი გააკეთა მოჰამედ ბინ-სალმანთან 18 ნოემბერს თეთრ სახლში დაგეგმილ მოლაპარაკებებზეც.
„ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ შეხვედრა. ჩვენ პატივს ვცემთ საუდის არაბეთს და მემკვიდრე პრინცს“, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, „ნიუ იორკ თაიმსმა“ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია პენტაგონის სადაზვერვო ანგარიშის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ F-35-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავის გაყიდვის შემთხვევაში, შესაძლოა, ჩინეთმა მოიპოვოს თვითმფრინავების ტექნოლოგიის შესახებ დეტალები.