აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და მომავალი არჩევნების საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი, ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, შეხვდა.

შეხვედრაზე ნეთანიაჰუმ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა არაერთი მხარდაჭერისთვის, კერძოდ: ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სტაბილურობისთვის გაწეული ძალისხმევისთვის, აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანისთვის, აბრაამის შეთანხმებისთვის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციისთვის, ირანთან ბირთვული შეთანხმების შეჩერებისთვისა და აშშ-ში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ანტისემიტიზმთან ბრძოლისთვის.

ტრამპმა, ისრაეილის ლიდერთან საუბრისას, მკაცრად გააკრიტიკა წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კონკურენტი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და მომავალ არჩევნებში დემოკრატების სავარაუდო კანდიდატი, კამალა ჰარისი. ამჯერად ტრამპმა ჰარისს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლისა და ომის დასრულების შესახებ გაკეთებული განცხადება დაუწუნა და თქვა, რომ მას "ებრაელები არ მოსწონს".