თეთრი სახლის პრესმდივანი ქეროლაინ ლივიტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ სვლა დაიწყება ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით, ასევე შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტექნიკური მოლაპარაკებებით.

„დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა და პუტინმა ისაუბრეს უკრაინის ომში მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე. ორივე ლიდერი თანხმდება, რომ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს მდგრადი მშვიდობით. მათ ასევე ხაზი გაუსვეს გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობების აუცილებლობას აშშ-სა და რუსეთს შორის. სისხლი და ფული, რასაც უკრაინაც და რუსეთიც ამ ომში ხარჯავენ, უკეთესად შეიძლებოდა, მოხმარებოდა მათი ხალხების საჭიროებებს. ეს კონფლიქტი არასდროს უნდა დაწყებულიყო და დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო გულწრფელი და კეთილსინდისიერი სამშვიდობო ძალისხმევით.

ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ სვლა დაიწყება ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში ცეცხლის შეწყვეტით, ასევე შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტის, სრული ცეცხლის შეწყვეტისა და მუდმივი მშვიდობის დანერგვის შესახებ ტექნიკური მოლაპარაკებებით. ეს მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება ახლო აღმოსავლეთში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ლიდერებმა ფართოდ ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთზე, როგორც სამომავლო კონფლიქტების პრევენციის მიზნით თანამშრომლობის პოტენციურ რეგიონზე.

„მათ ასევე განიხილეს სტრატეგიული იარაღის გავრცელების შეჩერების აუცილებლობა და ითანამშრომლებენ სხვებთან, რათა უზრუნველყონ ამის მაქსიმალურად ფართო გამოყენება. ორივე ლიდერი იზიარებს მოსაზრებას, რომ ირანი არასდროს უნდა აღმოჩნდეს ისრაელის განადგურების შესაძლებლობის მქონე პოზიციაში. ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობებით მომავალს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ეს მოიცავს უზარმაზარ ეკონომიკურ შეთანხმებებსა და გეოპოლიტიკურ სტაბილურობას, როდესაც მშვიდობა იქნება მიღწეული“, – ნათქვამია ლევიტის განცხადებაში.

1tv.ge