ტიბეტში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. გავრცელებულიინფორმაციით, სტიქიის შედეგად 130 ადამიანი დაშავდა.
მიწისძვრის ეპიცენტრიდან 20 კილომეტრის რადიუსში სამი ქალაქი და 27 სოფელია, სადაც დაახლოებით შვიდი ათასი ადამიანი ცხოვრობს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, ტიბეტში, წმინდა ქალაქ შიგაცეში მიწისძვრის სიმძლავრემ 7.1 მაგნიტუდა შეადგინა და ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსხვერპლი გამოიწვია, რაც ჩინეთს უნახავს ბოლო წლების განმავლობაში. სტიქიამ სახლები და შენობები დაანგრია. მიწისძვრის შედეგად 1 000-ზე მეტი შენობა დაზიანდა.
ჩინეთის მეტეოროლოგიური ადმინისტრაციის ცნობით, ტინგრის ოლქში, მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს ტემპერატურა მინუს რვა გრადუსია და დღეს საღამოს მინუს 18-მდე დაეცემა. რეგიონში შეფერხებულია როგორც ელექტროენერგიის, ასევე წყლის მიწოდება. ჩინეთის საჰაერო ძალებმა დაზარალებულ რაიონში სამაშველო სამუშაოები დაიწყო.
მიწისძვრები ხშირია რეგიონში, რომელიც მთავარ გეოლოგიურ რღვევის ხაზზე მდებარეობს. შიგაცე ტიბეტის ერთ-ერთ უწმინდეს ქალაქად მიიჩნევა. ეს არის ტრადიციული ადგილი ტიბეტური ბუდიზმის მთავარი ფიგურის, პანჩენ ლამასი, რომელიც სულიერი ავტორიტეტით დალაი ლამას შემდეგ მეორეა.
1tv.ge