აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირების ჩატში ამერიკული გამოცემის „ატლანტიკის“ რედაქტორის მოხვედრის საქმის დეტალების დადგენაში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი ჩაერთვება, რომელსაც მილიარდერი ილონ მასკი ხელმძღვანელობს.

„ეიბისი ნიუსის“ წყაროების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება თეთრ სახლშია მიღებული.

როგორც „ეიბისისთან“ საუბარში ანონიმური წყარო აღნიშნავს, ილონ მასკის გუნდი შეეცდება, დაადგინოს, როგორ აღმოჩნდა მესენჯერ „სიგნალის“ დახურულ ჩატში ამერიკული ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ჩატში აშშ-ის მხრიდან „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დაგეგმილი ოპერაციის თემა განიხილებოდა.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა „ფოქს ნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მომხდარი ინციდენტის გამოძიებაში, შესაძლოა, ილონ მასკი და მისი გუნდი ჩაერთონ. ამავე ინტერვიუში მაიკ უოლცმა ფაქტობრივად აღიარა, რომ ჩატის სკანდალზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება.

1tv.ge