UFC-ს კომენტატორმა, ჯონ ანიკმა ორგანიზაციის მიერ თეთრ სახლში დაგეგმილ ღონისძიებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სრულიად შესაძლებელია, 6-7 საჩემპიონო ბრძოლა ჩატარდეს.
„დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ თეთრ სახლში რვა ქამრის გათამაშებაა ჩაფიქრებული, ეს მართლაც იდეალური და ძალიან ამბიციური გეგმაა. მჯერა, თეთრი სახლის ეზოში დაგეგმილ ღონისძიებაზე 6-7 სატიტულო ბრძოლას მართლაც ვიხილავთ.
UFC 324 და UFC 325 იანვარში გაიმართება და იმ ჩემპიონებს, რომლებიც ამ ტურნირებზე იჩხუბებენ, ივნისამდე კონდიციების სრულად აღდგენის დრო ექნებათ. ამის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში სატიტულო ბრძოლები არ არის დაგეგმილი, ხოლო მარტის ღონისძიებაზე მთავარი დაპირისპირება არასაჩემპიონო იქნება – ჩარლზ ოლივეირასა და მაქს ჰოლოუეის შორის. სწორედ ამიტომ ივნისისთვის ბევრი ჩემპიონი ხელმისაწვდომი იქნება“, – აღნიშნა ანიკმა.
თეთრ სახლში UFC-ს ღონისძიების ჩატარების იდეა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გაუჩნდა. UFC-ს პრეზიდენტმა, დანა უაითმა დაადასტურა, რომ აღნიშნული შეჯიბრება წელს, 14 ივნისს შედგება და ეს ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული სპორტული შოუ იქნება.