სომხეთის ეკონომიკის მინისტრის, გევორგ პაპოიანის ინფორმაციით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულია მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რკინიგზის მეშვეობით თხევადი გაზის ტრანსპორტირებას მოიცავს.
„ჩვენს მეწარმეებს უკვე შეუძლიათ ისარგებლონ ამ შესაძლებლობით,“ აღნიშნა მინისტრმა და დაამატა, რომ მიღწეული შეთანხმება რეგიონულ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ შესაძლებლობებს გააფართოებს და ეკონომიკურ თანამშრომლობას განავითარებს.
ახალი ტრანზიტული დერეფნის გახსნამდე სომხეთის ბაზარზე თხევადი გაზის დეფიციტი დაფიქსირდა, რამაც ფასების ზრდა გამოიწვია. სომხეთის ხელისუფლების განცხადებით, პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოში არსებული არასახარბიელო პირობები იყო, რადგან ლარსის გამშვები პუნქტი შეფერხებით მუშაობდა.
აზერბაიჯანიდან სომხეთში სარკინიგზო ტრანზიტი მას შემდეგ აღდგა, რაც აზერბაიჯანმა სომხეთისთვის ტვირთბრუნვაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. შესაბამისი შეთანხმებები 2025 წლის ოქტომბერში შედგა აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მთავრობის მონაწილეობით.