საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე მშვიდობიანი ქვეყანა სომხეთია - ამაზე მიუთითებს გლობალური მშვიდობის ინდექსის (GPI) 2024 წლის რეიტინგი.

გლობალური მშვიდობის ინდექსი (GPI), რომელიც შემუშავებულია ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) მიერ, არის მსოფლიოში გლობალური მშვიდობის წამყვანი საზომი.

გლობალური მშვიდობის ინდექსი მოიცავს მსოფლიოს მოსახლეობის 99.7%-ს, გამოითვლება 23 ხარისხობრივი/რაოდენობრივი მაჩვენებლის გაანალიზებით და ზომავს სამ სფეროს:

  • საზოგადოებრივი უსაფრთხოების დონე
  • მიმდინარე შიდა და საერთაშორისო კონფლიქტის მასშტაბები
  • მილიტარიზაციის ხარისხი

2024 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსი აჩვენებს, რომ სამყარო ჯერ კიდევ დგას მასშტაბური ომის საშიშროების წინაშე. Global Peace Index-ის ინფორმაციით, ამჟამად მსოფლიოში 56 კონფლიქტი მიმდინარეობს, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია.

მცირე კონფლიქტების მზარდი რაოდენობა ზრდის მომავალში უფრო დიდი კონფლიქტების წარმოშობის ალბათობას.

თუმცა, ჯერ კიდევ არსებობენ ქვეყნები, სადაც მშვიდად ცხოვრება შესაძლებელია. Global Peace Index-ის 2024 წლის შემაჯამებელ რეიტინგში ისლანდია, ირლანდია, ავსტრია, ახალი ზელანდია და სინგაპური წლის ყველაზე მშვიდობიანი ქვეყნების ხუთეულში მოხვდნენ.

ყველაზე მშვიდობიანი ქვეყნების ათეული:

  • 1. ისლანდია
  • 2. ირლანდია
  • 3. ავსტრია
  • 4. ახალი ზელანდია
  • 5. სინგაპური
  • 6. შვეიცარია
  • 7. პორტუგალია
  • 8. დანია
  • 9. სლოვენია
  • 10. მალაიზია

გარდა ათეულისა, რეიტინგში მშვიდობიან ქვეყნებად მიიჩნევა ევროპის ქვეყნები, იაპონია, ქუვეითი, ნორვეგია, კატარი, მონტენეგრო, მადაგასკარი, სამხრეთ კორეა და სხვა. მათ ღია მწვანე ნიშნულები აქვთ მინიჭებული, რაც მეტ-ნაკლებად მშვიდობიან მახასიათებელს ნიშნავს.

ყველაზე საფრთხის შემცველ ქვეყნების ათეული კი ასე გამოიყურება:

  • იემენი
  • სუდანი
  • სამხრეთ სუდანი
  • ავღანეთი
  • უკრაინა
  • კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
  • სირია
  • რუსეთი
  • ისრაელი
  • მალი

ამ ქვეყნებში წლებია გრძელდება შეიარაღებული დაპირისპირებები მხარეებს შორის. ამასთან, არ არის დაცული ადამიანის უფლებები.

რაც შეეხება საქართველოს, Global Peace Index-ის რეიტინგში, რომელიც 163 ქვეყანას მოიცავს, მე-100 ადგილზეა. მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე უსაფრთხო სომხეთია, ის რეიტინგში 77-ე ადგილს იკავებს, 106-ე ადგილზეა აზერბაიჯანი, 139-ე ადგილზეა თურქეთი. რუსეთი, კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ ყველაზე საფრთხის შემცველი ქვეყნების ათეულშია, ის საერთო რეიტინგში 156-ე ადგილს იკავებს.

www.bpn.ge