სომხეთი და ევროკავშირი დღეს ბრიუსელში სტრატეგიული პარტნიორობის ახალ დღის წესრიგს გააფორმებენ. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა სომეხ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
კოსის თქმით, პარტნიორობის ახალ დღის წესრიგს ხელს მოაწერენ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი.
„გაიმართება ევროკავშირი-სომხეთის საბჭოს სხდომა, რომელზეც მიღებული იქნება სომხეთისა და ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობის ახალი დღის წესრიგი. ეს იქნება სამოქმედო გეგმა, საგზაო რუკა თუ რისი გაკეთება შეგვიძლია“, – განაცხადა მარტა კოსმა.
მისივე თქმით, ახალი დღის წესრიგი მოიცავს დახმარებას, რომელიც ხელს შეუწყობს სომხეთის ეკონომიკურ განვითრებას და ინსტიტუტების განმტკიცებას. სომხეთ-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგი ასევე მოიცავს თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.
როგორც მარტა კოსმა აღნიშნა, ევროკავშირი მხარს დაუჭერს სომხეთს მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ შესაძლო ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავებაში, დეზინფორმაციასთან და კიბერშეტევებთან ბრძოლაში. ამ მიზნით ევროკავშირი სომხეთს 12 მილიონ დოლარს გამოუყოფს. კოსის თქმით, ეს თანხა გამიზნულია არა მხოლოდ სომხეთის მთავრობისთვის, არამედ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის, რომელთა როლი, ევროკომისრის თქმით, მნიშვნელოვანია ჰიბრიდულ საფრთხეებთან ეფექტურ ბრძოლაში.