Al Arabyia ავრცელებს ინფორმაციას, რომ სირიის ახალი რეჟიმის ლიდერმა, აჰმედ ალ-შარაამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ბაშარ ალ-ასადის გადაცემა მოსთხოვა, რომელიც მისი რეჟიმის დამხობის შემდგომ მოსკოვში გაიქცა.
ამის შესახებ ტელეარხი X-ზე ვიდეოს ავრცელებს.
მანამდე, 20 მარტს კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ პუტინმა ალ-შარაას რუსეთის მხრიდან "პრაქტიკული თანამშრომლობის" მზაობა შეატყობინა.
"დადასტურებულია რუსეთ-სირიის ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების გამყარების მიზნით რუსეთის მხრიდან სირიის ხელისუფლებასთან ორმხრივი დღის წესრიგის საკითხების მთლიან კომპლექსთან დაკავშირებით პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარებისთვის მზაობა". - თქვა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ გამოცემა Reuters ასევე ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ალ-შარაამ რუსეთს ბაშარ ალ-ასადის გადაცემა მოსთხოვა.
29 იანვარს რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ სირიის ახალ რეჟიმთან "მოკლე" საუბარი გამართეს. სირიაში ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, რუსეთი ქვეყანაში არსებულ ორ სამხედრო ბაზაზე კონტროლის შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა, რუსულ მხარეს არ დაუკონკრეტებია, თუ რას ითხოვს სირია სანაცვლოდ.
ბაშარ ალ-ასადი, რომელიც სირიას 24 წლის განმავლობაში მართავდა, გასული წლის დეკემბერში ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰაიათ თაჰრირ ალ-შამმა (HTS) დაამხო. ქვეყანას ამჟამად ახალი პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა მართავს, რომელიც დეკემბერში ასადის რეჟიმის დასამხობად საბრძოლო მოქმედებებს მეთაურობდა.
მას შემდეგ, რაც სირიის ხელისუფლება შეიცვალა, რუსული ბაზების მომავლის საკითხი გაურკვეველი რჩება. ქვეყნის ახალ ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები 28 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მიხაილ ბოგდანოვმა გამართა. შეხვედრის დროს სირიის ხელისუფლებამ მოსკოვს მოსთხოვა, გაეთვალისწინებინათ "წარსულის შეცდომები", გადაეხადათ კომპენსაცია და ჩართულიყვნენ ქვეყნის აღმშენებლობაში. მედიის ცნობით, მოითხოვეს ბაშარ ალ-ასადის გადაცემაც. 12 თებერვალს ვლადიმირ პუტინი ტელეფონით ესაუბრა ალ-შარაას.
სირიის ახალი რეჟიმის წარმომადგენლებმა არ გამორიცხეს ქვეყანაში რუსული ბაზების დატოვება, იმ შემთხვევაში, თუ თავად სარგებელს მიიღებენ. პარალელურად, ალ-შარაამ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სირიაში თურქული ბაზების მშენებლობის საკითხი განიხილა.
2019 წლის აპრილში რუსეთის ვიცეპრემიერმა იური ბორისოვმა ტარტუსის პორტის 49-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. ამავე ვადით გაფორმდა საინვესტიციო ხელშეკრულება კომპანია "Stroytransgaz"-თან, რომლის მთავარი ბენეფიციარიც გენადი ტიმჩენკოა.
ხელშეკრულების პირობების თანახმად, რუსულმა კომპანიამ პირობა დადო, რომ პორტის მოდერნიზაციაში 500 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებდა, თუმცა, სირიული გამოცემების მტკიცებით, რუსულმა მხარემ პორტის მოდერნიზება არ მოახდინა.
Al-watan-ის მიხედვით, სირიის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პორტის მუშაობა გააქტიურდა და ტარტუსში მშრალი ტვირთის გემები სხვა ქვეყნებიდან ჩადიან.
რუსეთი 2015 წლიდან ასადის რეჟიმის დასახმარებლად სამოქალაქო ომში იყო ჩართული. რუსეთს სირიაში განლაგებული ჰყავს სამხედრო ნაწილები და აკონტროლებს საზღვაო და საავიაციო ბაზებს ტარტუსსა და ხმეიმიმში.
გამომცემლობა Al Alarabiya-ს ინფორმაციით, სირიის ხელისუფლებამ ასევე აკრძალა რუსეთიდან, ირანიდან და ისრაელიდან საქონლის იმპორტი. გამომცემლობის თქმით, მოხდება ამ ქვეყნებიდან შემოტანილი პროდუქციის კონფისკაცია.
წყარო: tabula.ge