2023 წელს შვეიცარიაში ერთ ქალზე ბავშვთა საშუალო რაოდენობა რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე - 1,33-მდე შემცირდა, რაც 2022 წლის ისედაც დაბალ მაჩვენებელზე (1,39) კიდევ უფრო ნაკლებია.

გასულ წელს შვეიცარიაში სულ 80 000 ბავშვი დაიბადა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2,8 პროცენტით ჩამორჩება. ამის მიზეზი როგორც შვეიცარიელ, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე დედებს შორის შობადობის შემცირებაა.

თუმცა, ხუთშაბათს, 20 ივნისს, სტატისტიკის ფედერალური სამსახურის (FSO) მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, შვეიცარიელ ქალებში შობადობის შემცირების მაჩვენებელი უფრო მაღალია (4,2%), ვიდრე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ქალებში (0,8%).

2023 წელს სულ შვეიცარიის მოქალაქეობის მქონე 56 100 და უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე 23 900 ბავშვი დაიბადა, რაც იმას ნიშნავს, რომ გასულ წელს შვეიცარიაში, წინა წელთან შედარებით, 2 300-ით ნაკლები ბავშვი იშვა. ამით გაგრძელდა შობადობის კლების ტენდენცია, რომელიც ქვეყანაში 2021 წლიდან ფიქსირდება. თუმცა, 2022 წელს კლება გაცილებით დიდი იყო - მაშინ 7300-ით ნაკლები (8,1%) ბავშვი დაიბადა.

2023 წელს შობადობის კლება უფრო გამოხატული იყო 30 წლამდე ასაკის ქალებში (5.1%), ვიდრე 30 წელზე უფროსი ასაკის ქალებში (2.1%). პირველად შეძენილ ბავშვთა რაოდენობა 30 წლამდე ასაკის ქალებში 4.3%-ით შემცირდა, 30-დან 39 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში კი - 1.7%-ით. თუმცა, 40 წელზე უფროსი ასაკის ქალებში შოაბდობის მაჩვენებელი 3,2%-ით გაიზარდა.

2023 წელს მეორე ბავშვის შობის რაოდენობა 2,8%-ით შემცირდა, მესამე შობადობა კი - 7,3%-ით. მესამე ბავშვების რაოდენობის კლების ტენდენცია დაფიქსირდა ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, მაგრამ განსაკუთრებით მაღალია 30-დან 39 წლამდე ასაკის დედებში. მეოთხე შვილის შობის მაჩვენებელი კი, პირიქით, წინა წელთან შედარებით, 1,9%-ით გაიზარდა.