შვედეთი 15 მილიარდი შვედური კრონის, ანუ 1,6 მილიარდი ამერიკული დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს საჰაერო თავდაცვის სისტემებში, უწინარესად სამოქალაქო მოსახლეობის და ინფრასტრუქტურის დასაცავად - აცხადებს ამ ქვეყნის მთავრობა 11 იანვარს. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Reuters-ი.
რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრული მასშტაბით შეჭრის შემდეგ ევროპის ქვეყნების უმრავლესობის მსგავსად შვედეთმაც დიდი ინვესტიციები განახორციელა თავდაცვის სფეროში. თუმცა ამ ქვეყნის ტერიტორია მაინც მოწყვლადი რჩება საჰაერო საფრთხეების წინაშე, წერს Reuters-ი.
"უკრაინაში ომის გამოცდილება მკაფიოდ აჩვენებს რაოდენ მნიშვნელოვანია ძლიერი და გამძლე საჰაერო თავდაცვა" - უთხრა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ იუნსონმა ჟურნალისტებს ქვეყნის ჩრდილოეთში გამართულ კონფერენციაზე.
იუნსონის თქმით, შვედეთი მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემებს შეისყიდის, ქალაქების, ხიდების, ენერგეტიკის ობიექტების და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დასაცავად.
11 იანვარსვე შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა გააკრიტიკა აშშ-ის ადმინისტრაციის "მუქარის შემცველი რიტორიკა" გრენლანდიისა და დანიის მიმართ - კრისტერსონის აზრით, აშშ-მა დანიას მადლობა უნდა გადაუხადოს ერთგულ მოკავშირედ ყოფნისთვის. მის სიტყვებს ავრცელებს სააგენტო Reuters-ი.