არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან სომხეთის ვაჭრობა გასული წლის პირველ 10 თვეში ხუთჯერ გაიზარდა და თითქმის ხუთ მილიარდ დოლარს მიაღწია. დიდი ალბათობით, სომხეთი გახდა მსოფლიო ბაზრებზე რუსული ოქროსა და ალმასის ექსპორტის მთავარი არხი, იუწყება რადიო თავისუფლების სომხური სამსახური.
ოფიციალური მონაცემებით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სომხეთის ექსპორტმა ვაჭრობის მთელი მოცულობის 98%-ზე მეტი შეადგინა, მაგრამ ამ მოცულობის მხოლოდ მცირე ნაწილი მოდის სომხურ საქონელზე.
სომხეთის სტატისტიკის კომიტეტი იტყობინება, რომ 2024 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე ოქროს, ალმასისა და სხვადასხვა საიუველირო ნაკეთობათა იმპორტი და ექსპორტი ხუთჯერ გაიზარდა და მიაღწია, შესაბამისად, 6,8 და 7,4 მილიარდ დოლარს. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში განვითარებულია ოქროს მოპოვება, ალმასების ჭრა და საიუველირო მრეწველობა, მათი წლიური ბრუნვა ამ მაჩვენებლების მხოლოდ მცირე ნაწილია, ნათქვამია პუბლიკაციაში.
სომხეთში რუსული ექსპორტი იმავე პერიოდში 5,6 მილიარდი დოლარით გაიზარდა და თითქმის 8,3 მილიარდს მიაღწია.
სომხური მედია წერდა, რომ სომხეთმა მხოლოდ 2024 წლის პირველ ნახევარში 4,4 მილიარდი დოლარის ღირებულების 66 ტონა ოქროს იმპორტი განახორციელა, თითქმის მთელი ოქრო რუსეთიდან შევიდა. ამასთან, მოსკოვს არ შეუძლია დასავლელი მყიდველებისთვის ძვირფასი ლითონის პირდაპირ მიწოდება 2022 წელს უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ დაწესებული სანქციების გამო.
იმავე პერიოდში სომხეთმა თითქმის იმავე რაოდენობის ოქროს ექსპორტი განახორციელა. ამ მოცულობის დაახლოებით ორი მესამედი გაჰქონდათ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, დანარჩენი კი - ძირითადად ჩინეთში. ამით აიხსნება გასული წლის იანვარ-ოქტომბერში ჩინეთში სომხური ექსპორტის თითქმის სამჯერ ზრდა - მან თითქმის ერთი მილიარდი დოლარი შეადგინა.
მომგებიანი ვაჭრობა, როგორც ჩანს, მოიცავდა რუსულ ალმასსაც, რომელიც აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციებს ექვემდებარება. 2023 წელს სომხეთმა დაახლოებით 590 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ალმასი გაიტანა ძირითადად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რაც მნიშვნელოვნად აღემატება სომხური ალმასის გადამამუშავებელი საწარმოების მთლიან წლიურ მოცულობას.
სომხეთის საბაჟო სამსახურს ჯერ არ გამოუქვეყნებია ალმასის ექსპორტის მონაცემები 2024 წლისთვის.
სომეხმა მეწარმეებმაც ისარგებლეს სანქციებით და მოაწყვეს დასავლური წარმოების მრავალი საქონლის რუსეთში რეექსპორტი. ეს იყო ქვეყნის მიერ 2022 და 2023 წლებში დაფიქსირებული სწრაფი ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორი. ზრდა შენელდა 2024 წელს და მოსალოდნელია, რომ კლება გაგრძელდება წელსაც, იტყობინება რადიო თავისუფლების სომხური სამსახური.
წყარო: რადიო თავისუფლება