შეგვიძლია რუსებს ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზოთ, თუ ისინი რუსეთში არჩევნებს ჩაატარებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინას არჩევნების ჩატარება შეუძლია.
„პრეზიდენტ ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა შეუძლია. ჩვენს პარლამენტს კი შეუძლია კანონი შეცვალოს და ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რაკეტებისა და ბომბების ქვეშ არჩევნების ჩატარება ძალიან რთულია.
„არ ვიცი, ვის აქვს ამის გამოცდილება. ჩვენ არა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, კითხვაზე, გრძნობს თუ არა ზეწოლას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული ბოლო განცხადების შემდეგ იმასთან დაკავშირებით, რომ ომის დასრულების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებში უკრაინის პრეზიდენტი „უნდა გააქტიურდეს“, ზელენსკიმ უპასუხა, რომ „ოდნავ“.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „რუსეთს შეთანხმების დადება სურს და ზელენსკი უნდა გააქტიურდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დიდ შესაძლებლობას გაუშვებს ხელიდან“.
„რუსეთს სურს შეთანხმების დადება და ზელენსკის მოუწევს გააქტიურება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დიდ შესაძლებლობას გაუშვებს ხელიდან. უნდა იმოქმედოს“, - აღნიშნა ტრამპმა.