ე.წ. შავ პარასკევს, Amazon-ის დიდი ბრიტანეთის საწყობის 1000-ზე მეტმა თანამშრომელმა გაფიცვა მოაწყო.

ლონდონსა და კოვენტრიში თანამშრომლები ქუჩაში დემონსტრაციულად გამოვიდნენ. პროფკავშირ GMB-ის ცნობით, პროტესტი ანაზღაურების შესახებ ხანგრძლივი დავის ნაწილია.


Amazon-ის დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა თქვა, რომ გაფიცვა ოპერირებაში რაიმე შეფერხებას არ გამოიწვევს.


ამის მიუხედავად, შეფერხებულია ამაზონის ამანათების კარადების, ე.წ. ლოქერების მუშაობა, რომელსაც Amazon-ის ბევრი მყიდველი შეკვეთის ასაღებად იყენებს და განლაგებულია მატარებლის სადგურებზე, სუპერმარკეტების ავტოსადგომებსა და ქუჩის კუთხეებში.


აშშ-ის ელექტრონული კომერციის გიგანტის წინააღმდეგ მუშები და აქტივისტები მთელ ევროპაში გეგმავენ დემონსტრაციებს. მიზანია, საწყობების მუშაობისა და Amazon-ის ამანათების კარადების ბლოკირება წლის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ დღეს.
"შავ პარასკევს", აშშ-ს მადლიერების დღესასწაულის მომდევნო დღეს, ბევრი საცალო მოვაჭრე გაყიდვების გაზრდის მიზნით ფასებს ამცირებს.

თავდაპირველად, ეს აშშ-ს დიდ მაღაზიებში ხალხის ნაკადის მოზღვავებას იწვევდა, თუმცა, პროცესი სულ უფრო მეტად ონლაინ სივრცეში გადავიდა და გლობალური გახდა.


ფასდაკლებების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი Amazon-ია, რომელიც ბაზარს წელს 17 ნოემბრიდან 27 ნოემბრამდე, ათდღიან სადღესასწაულო ფასდაკლებებს სთავაზობს.

bp.ge