„კარლსრუეს“ მთავარი მწვრთნელი, კრისტიან აიხნერი შიშობს, რომ გუნდის ქართველი ბომბარდირი ბუდუ ზივზივაძე ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს გუნდს დატოვებს – მან ამის შესახებ მეორე ბუნდესლიგის გვერდთან, liga2-online-თან განაცხადა.

„კლუბს შემოსავალი სჭირდება და ჩვენი გუნდის მომავალიც ამაზეა დამოკიდებული. ყოველთვის არის გარკვეული რისკი, რომ ლიდერმა გუნდი დატოვოს. იმედი მაქვს, რომ ზივზივაძე გუნდში 2025 წლის 1 ივლისის შემდეგაც დარჩება და კონტრაქტს გაახანგრძლივებს. მაგრამ ისიც კარგად მესმის, რომ ბუდუს ახლა აქვს ბოლო შანსი, რომ კარიერაში საუკეთესო კონტრაქტი გააფორმოს“, – ამბობს კრისტიან აიხნერი.

liga2-online „კარლსრუეში“ ქართველი ფეხბურთელის როლზე წერს.

„ბურდუ ზივზივაძეს გუნდის წინსვლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ქართველმა თავდამსხმელმა სეზონში უკვე 12 გოლი გაიტანა და ამგვარად გადამწყვეტი როლი ითამაშა ბადენელთა გუნდის წინსვლაში“, – წერს ლიგის ოფიციალური გვერდი.

ბუდუ ზივზივაძისა და „კარლსრუესთვის“ 2024 წელი წარმატებულად დასრულდა, გუნდმა სტუმრად ლიდერი „პადერბორნი“ 2:1 დაამარცხა, ქართველმა კი ანგარიშზე გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი პირველი წრის შემდეგ 12 გოლით (+4 საგოლე გადაცემა) მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო თავდამსხმელია. ზივზივაძემ კი ინტერვიუში მიანიშნა, რომ შესაძლოა, გუნდი დატოვოს.

„გუნდთან კონტრაქტი ზაფხულამდე მაქვს და მსურს ბოლომდე დავრჩე. შემდეგ ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ეს შესაძლებლობა ზამთარსაც ეხება. ფეხბურთში წინასწარ არასდროს იცი, როდის რა მოხდება“, – თქვა ზივზივაძემ.

პირველი არხი