სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა გუშინ, 16 აპრილს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირის მხრიდან ძლიერი ზეწოლაა, რათა ის 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმს არ დაესწროს.

„ამ პერიოდში დიდი დიპლომატიური აქტივობა და ზეწოლაა მოსკოვში 9 მაისის გამარჯვების აღლუმთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობას ვაპირებთ პირადად მე და სერბეთის ერთი სამხედრო ნაწილი. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მოსკოვში წასვლის გამო ცა დამემხობა, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს არავინ მომიტყუებია“, – ამბობს სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი.

სერბეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას წასვლის გადაწყვეტილება არ შეუცვლია.

პრეზიდენტ ვუჩიჩის თქმით, 9 მაისის აღლუმში წითელ მოედანზე სერბეთის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილიც მიიღებს მონაწილეობას.

ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა ალექსანდარ ვუჩიჩი გააფრთხილეს, რომ მოსკოვში წასვლის შემთხვევაში შესაძლოა სერბეთის ევროკავშირში გაწევრების პროცესი სრულად დაბლოკონ.

ალექსანდარ ვუჩიჩი ამტკიცებს, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრება სურს, თუმცა მისი მთავრობა რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობებს ინარჩუნებს.

გუშინ სერბეთის პარლამენტმა დაამტკიცა მთავრობა, რომელიც ანტიდასავლური პოზიციებით ცნობილი მინისტრებითაა დაკომპლექტებული, მათ შორის მინისტრით, რომელმაც ევროკავშირის დროშა დაწვა.

„15 მარტის საღამოს ქვეყანაში ფერადი რევოლუციის საბოლოო მცდელობა იყო. ყველაფერი მომზადებული იყო ძალაუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდებისთვის. აკუსტიკური იარაღის გამოყენების შესახებ ტყუილებიც სპეციალურად გავრცელდა. ვცდილობდი, დამემტკიცებინა, რომ ეს სასტიკი ტყუილი იყო, ვიცი, ბევრს სჯეროდა, რომ მსგავსი რამ მართლა მოხდა, რადგან მათ ასე სჭირდებოდათ“, – ამბობს სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი.

ხუთ თვეზე მეტია, რაც სერბეთში ვუჩიჩის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება.

ვინ გეგმავს 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას?

ცნობისთვის, 9 მაისს რუსეთი ნაცისტური გერმანიის დამარცხებიდან 80 წლის იუბილეს აღნიშნავს – გამარჯვებას, რომელშიც რუსმა სამხედროებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.

გასულ წელს, 2024 წლის საზეიმო ღონისძიებაზე, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში მებრძოლი რუსი სამხედროებიც გმირებად შერაცხა და როგორც, სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების დღიდან აცხადებს, ომი უკრაინის წინააღმდეგ სწორედ ქვეყნის ნაცისტებისგან გაწმენდას ემსახურება.

წელს მოსკოვში გამარჯვების საიუბილეო აღლუმზე არაერთი მსოფლიო ლიდერი და ოფიციალური წარმომადგენელია მიწვეული.

რუსეთს ეწვევა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, მოსკოვში ელიან ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისაც.

როგორც სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარში დაადასტურა, ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნად მოსკოვს ისიც ეწვევა. გარდა ამისა, იგი აღლუმში მონაწილეობის მისაღებად სამხედრო დანაყოფის გაგზავნასაც გეგმავს.

ერთ-ერთი პირველი, ვინც რუსეთის პრეზიდენტის მიწვევა მიიღო, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცოა. კრემლისადმი მეგობრული პოზიციებით ცნობილმა ფიცომ განაცხადა, რომ მას ვერავინ უბრძანებს, სად წავიდეს და სად არა.

გამარჯვების აღლუმს დაესწრება სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც – ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა განაცხადა.

„ჩვენ 300,000 დაღუპული გვყავს, უამრავი ადამიანი უკან არ დაბრუნებულა. ეს არის დღე, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ“, – განაცხადა სიმონიანმა.

მისივე თქმით, ფაშინიანის ვიზიტს ევროკავშირისგან უარყოფითი რეაგირება არ უნდა მოჰყვეს.

თუმცა, როგორც ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა კაია კალასმა ლუქსემბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გაერთიანება 9 მაისს მოსკოვის საზეიმო ღონისძიებებში პოტენციური წევრების მონაწილეობას მსუბუქად არ მიიღებს.

„წევრმა სახელმწიფოებმა განიხილეს ეს საკითხი და მკაფიოდ განაცხადეს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმსა თუ საზეიმო ღონისძიებებში ნებისმიერი სახით მონაწილეობა მსუბუქად არ იქნება აღქმული, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ევროპაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არ გვსურს, რომელიმე კანდიდატმა ქვეყანამ მონაწილეობა მიიღოს 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ ღონისძიებებში. ეს ძალიან მკაფიო გზავნილი იყო”, – განაცხადა საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა კაია კალასმა.

მოსკოვში დაგეგმილი ყოველწლიური სამხედრო აღლუმის პარალელურად, უკრაინა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს კიევში იწვევს.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა ამბობს, ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობამ ევროკავშირის ლიდერები 9 მაისს ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ დიპლომატიური ძალის წარმოსაჩენად მიიწვია. სიბიჰამ ლუქსემბურგში გამართულ სხდომაზე საკუთარ კოლეგებს მოუწოდა, „აჩვენონ ერთობა და სიმტკიცე მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური აგრესიის წინაშე“.

ამასთან ერთად, ვოლოდიმირ ზელენსკი მაისში „მსურველთა კოალიციის“ ლიდერებთან შეხვედრასაც ითხოვს. ანდრი სიბიჰას თანახმად, შეხვედრის მიზანი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების განსაზღვრაა, რუსეთთან შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის პირობებში.

წყარო: euronews georgia