„სენტ-ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ჰორნელანდმა beIN Sports-თან ინტერვიუში მრავალ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, ლიდერებზე – ლუკას სტასინისა და ზურიკო დავითაშვილზე, რომელთა გაშვებასაც კლუბი არ აპირებს.
„ვიცი, რომ გულშემატკივრები ლიგა 1-დან მტკივნეული გავარდნისა და ძვირად ღირებული სატრანსფერო „ფანჯრის“ შემდეგ მყისიერ შედეგებს ელიან. ახლა ყურადღება შემტევებზეა გადატანილი.
ლუკას სტასინი და ზურიკო დავითაშვილი ფიზიკური პრობლემების შემდეგ ბრუნდებიან მოედანზე. მართალია, ჯერ ბოლომდე მზად არ არიან, მაგრამ ორივე უმაღლესი დონის მოთამაშეა და დიდი ამბიციები აქვთ.
იმედი მაქვს, რომ მათ მოედანზე გამოვიყენებთ – ორივე გვჭირდება. ბელგიელი თავდამსხმელისა და ქართველი ფლეიმეიკერის დაბრუნება შეიძლება სეზონის გარდამტეხი მომენტი იყოს, ოღონდ თუ ისინი დარჩებიან, გადაწყვეტილებებს კი მენეჯმენტი იღებს“, – აღნიშნა „სენტ-ეტიენის“ მწვრთნელმა.
პოპულარული გამოცემის, L’Équipe-ის ცნობით, „სენტ-ეტიენმა“ ლუკას სტასინისა და ზურიკო დავითაშვილის გასხვისებაზე საბოლოოდ უარი თქვა.
„ლუკას სტასინისა და ზურიკო დავითაშვილს ამ ზაფხულს „სენტ-ეტიენის“ დატოვება სურთ, თუმცა კლუბი მათ წასვლას ეწინააღმდეგება. ისინი არ გეგმავენ ლიგა 2-ში თამაშს, მაგრამ „სენტ-ეტიენი“ მათზე უარს არ ამბობს.
ძლიერი ფინანსური მდგომარეობისა და ახალი, მდიდარი კანადელი მფლობელების მხარდაჭერის წყალობით, კლუბი სტასინისა და დავითაშვილის გაყიდვას არ აპირებს. ეს ნიშნავს, რომ სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა. ორივეს კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს“, – წერს L’Équipe-ი.