ზურიკო დავითაშვილმა, შესაძლოა, „სენტ-ეტიენი“ მაინც დატოვოს, რადგან პრემიერლიგის გუნდი იწვევს – ამის შესახებ გამოცემა „ლე პროგრესი“ ირწმუნება.
„ზურიკო დავითაშვილმა, რომელმაც გასულ სეზონში „სენტ-ეტიენში“ ლიგა 1-ში ითამაშა, სატრანსფერო ფანჯრის დროს დიდი ყურადღება მიიპყრო. თურქეთის სუპერლიგიდან და ინგლისის პრემიერლიგიდან ინტერესის გამო ქართველი ფლანგის მოთამაშე, შესაძლოა, ზაფხულის ბოლო კვირას კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცეს.
დავითაშვილმა შეტევაში „სენტ-ეტიენის“ თამაში შეცვალა. გასულ წელს ლიგა 1-ის 33 თამაშში 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, რითიც გუნდის საუკეთესო ასისტენტი და მეორე საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მისმა ბრწყინვალე მოძრაობებმა, ჰეთთრიკმა „ოსერთან“ და შესანიშნავმა გოლმა პსჟ-თან, გულშემატკივარი აღაფრთოვანა.
2024 წლის ოქტომბერში თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, მან, ასევე, „სეზონის საუკეთესო გოლის“ ჯილდოც მიიღო. შედეგად, მისი თამაში სხვა კლუბებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ.
23 წლის ქართველი ფრანგული კლუბის მომავალს წარმოადგენს. „სენტ-ეტიენი“ ერთი წამითაც არ ფიქრობს მასთან დაშორებაზე და ახალი გუნდის აშენებას დავითაშვილის გარშემო ცდილობს, თუმცა სატრანსფერო ფანჯარა არაპროგნოზირებადია.
„ლე პროგრესის“ ინფორმაციით, ზურიკოს შეძენით „ბეშიქთაში“, დიდი ხანია, ინტერესდება, მაგრამ ფეხბურთელი ტოპლიგაში თამაშს ისახავს მიზნად. მისი შეძენის მსურველთა რიცხვში პრემიერლიგელ „ვესტ ჰემსაც“ ასახელებენ. „სენტ-ეტიენს“ ოფიციალური შეთავაზება ჯერ არავისგან მიუღია, მაგრამ „მწვანეებმა“ იციან, რომ ფეხბურთელის შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ“.