უკრაინის სასამართლომ სანქცირებული რუსი ოლიგარქების მიხაილ ფრიდმანის, პიოტრ ავენისა და ანდრეი კოსოგოვის ქონება დააკავა. აქედან ყველაზე დიდი დაყადაღებული აქტივი Lifecell-ის საწესდებო კაპიტალის 100%-ია. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
ამის მიუხედავად კომპანია იტყობინება, რომ lifecell უკრაინელებისთვის მომსახურების გაწევას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
„სანქცირებული პირების კორპორაციული უფლებების ჩამორთმევა გავლენას არ ახდენს lifecell-ის ოპერატიულ საქმიანობაზე, ოპერატორი აგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიის მიერ გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ lifecell თურქეთში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანია Turkcell-ს ეკუთვნის. Turkcell-ის აქციების 54% სტამბოლისა და ნიუ-იორკის საფონდო ბირჟებზე ივაჭრება. თურქეთის რესპუბლიკის კეთილდღეობის ფონდი (TWF) ფლობს Turkcell-ის აქციების 26,2%-ს, რაც მას აძლევს უფლებას დანიშნოს საბჭოს წევრების უმრავლესობა და წარადგინოს საბჭოს თავმჯდომარე. Turkcell-ის აქციების დარჩენილი 19.8% ეკუთვნის IMTIS Holdings S.à.rl-ს, კომპანიას, რომელიც თავის მხრივ მთლიანად ეკუთვნის International Mobile Telecom Investment Stichting Administratiekantoor-ს (ჰოლანდიური ფონდი).
„ამგვარად, მიხაილ ფრიდმანს, პეტრ ავენსა და ანდრეი კოსოგოვს არ აქვთ არანაირი კონტროლი ან გავლენა Turkcell-სა და lifecell-ზე. ამასთან, ორივე კომპანია მკაცრად იცავს დადგენილ შესაბამისობას და შიდა კონტროლის მექანიზმებს, რომლებიც დანერგილია აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და უკრაინის ხელისუფლების მიერ“, - აღნიშნავენ კომპანიაში.