საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანინის განცხადებით, არ გამორიცხავს, რომ სარკინიგზო სისტემაში მასშტაბურ შეფერხების უკან უცხოური ძალა იდგეს.
„ვინ იღებს პასუხისმგებლობას? მოხდა თუ არა ეს შიგნიდან ან იყო თუ არა ბრძანება საზღვარგარეთიდან, ამაზე საუბარი ადრეა. ჩვენ აღმოვაჩინეთ გარკვეული ელემენტები, რომლებიც გვაძლევს საშუალებას, ვთქვათ, რომ ძალიან მალე გავიგებთ, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა“, – განაცხადა მინისტრმა.
საფრანგეთის ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელი ჩვეულ რეჟიმში მუშაობას ორშაბათიდან დაუბრუნდება, - ამის შესახებ საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა, პატრის ვერგრიეტმა განაცხადა. საფრანგეთის რკინიგზის ეროვნულ კომპანიაში განაცხადეს, რომ პარასკევს შეფერხებების გამო 250 000 მგზავრი დაზარალდა.
პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე მასშტაბური სარკინიგზო შეფერხება მოხდა. სარკინიგზო ოპერატორ კომპანიაში განაცხადეს, რომ საფრანგეთში ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელის წინააღმდეგ ვანდალური ქმედებები განხორციელდა, მათ შორის, ცეცხლი წაუკიდეს ლიანდაგების გასწვრივ ინსტალაციებსა და კაბელებს. თავდასხმები განხორციელდა ხაზებზე, რომლებიც პარიზს ქვეყნის დასავლეთ, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილებთან აკავშირებს, გაუქმდა სარკინიგზო რეისების ნაწილი, მატარებლების ნაწილი კი გადამისამართდა.
საფრანგეთის რკინიგზის ეროვნული კომპანიის, SNCF-ის ცნობით, კომპანიის ობიექტებს ცეცხლი განზრახ წაუკიდეს. სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელმა, ჟან-პიერ ფარანდუმ განაცხადა, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.