მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შეხვედრას, რომელიც საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებს შორის გაიმართება, იტალიელი მსაჯები განსჯიან, – ინფორმაციას უეფა-ს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

4 სექტემბერს „დინამო არენაზე“ გასამართი მატჩის მთავარი არბიტრი დავიდე მასა იქნება. მას ფილიპო მელი და სტეფანო ალასიო დაეხმარებიან, მეოთხე მსაჯი კი მატეო მარსენაროა. ვიდეორეფერიზე პასუხისმგებლები ასევე იტალიელები – მარკო დი ბელო და დანიელ დოვერი არიან.

44 წლის დავიდე მასა 1997 წლიდან მსაჯია. სერია A-ში მსაჯობა 2011 წელს დაიწყო, ფიფა-ს კატეგორიის არბიტრი კი 2014 წლიდან გახდა. საერთაშორისო მატჩზე მისი დებიუტი 2015 წლის 8 ივნისს შედგა, როდესაც თურქეთის ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდა. 2017 წელს მას იტალიის სუპერთასის ფინალი, „იუვენტუსისა“ და „ლაციოს“ შეხვედრა მიანდეს.

მასა ასევე მოემსახურა 2017 წლის 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატსა და 2019 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს. ცალკეულ შეხვედრებში მიწვეული იყო კატარის, ეგვიპტისა და საბერძნეთის ჩემპიონატებში.

2023 წლის 4 აპრილს მასა კრიტიკის ობიექტი გახდა იტალიის თასის ნახევარფინალში, მილანის „ინტერსა“ და „იუვენტუსს“ მატჩისას მიღებული გადაწყვეტილებების გამო. „კორიერე დელო სპორტი“ წერდა, რომ მან ვერ შეძლო სიტუაციის კონტროლი. რამდენიმე კვირის შემდეგ, 23 აპრილს მან იმსაჯა ბერძნული სუპერლიგის დერბი „ოლიმპიაკოსსა“ და ათენის აეკ-ს შორის (1:3), რამაც მასპინძელთა უკმაყოფილება გამოიწვია. მატჩის ბოლოს მოედანზე კლუბის წარმომადგენლები და გულშემატკივრები შეიჭრნენ, პოლიციას დაუპირისპირდნენ, ხოლო, მსაჯის თქმით, მოედნის დატოვებისას მას ფიზიკურადაც შეეხნენ.

2025 წლის 5 ივნისს უეფა-მ მასას ერთ-ერთი ურთულესი დაპირისპირება მიანდო – ტირანაში სერბეთისა და ალბანეთის მატჩი. ამჟამად იგი უეფა-ს ელიტური კატეგორიის არბიტრად ითვლება.

საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების შეხვედრას 4 სექტემბერს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

1tv.ge