საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2025 წლის ევრობასკეტის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩს ფინეთთან ჩაატარებს. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველო
ქართველებისთვის ეს უკვე ისტორიული ევრობასკეტია – აქამდე მეოთხედფინალში ერთხელაც არ გავსულვართ. კაპიტანი თორნიკე შენგელია ამბობს: ისტორიული შედეგია, გასახარია, მაგრამ მიღწეულით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ.
როგორც თორნიკეს, ისე ნაკრების თითოეულ წევრს კარგად მოეხსენება, რამდენად მნიშვნელოვანია ფინეთთან თამაში და გამარჯვება. ორი მოგება უკვე მედლის გარანტიაა – ასე ახლოს პოდიუმთან ჯერ არ ვყოფილვართ.
საქართველოს ნაკრებმა 9 სექტემბერს ღია ვარჯიში გამართა და დავინახეთ, რომ გუნდში ხალისიანი, ამავე დროს საბრძოლო განწყობაა. ეს გასაკვირი სულაც არ არის, ქართველებს ხომ მობილიზება საოცრად კარგად შეუძლიათ. თავის დროზე, 60 წლის წინ ლეგენდარულ ლატვიელ მწვრთნელს, ალექსანდრ გომელსკის აქვს ნათქვამი – ერთი კონკრეტული მატჩისთვის ქართველებს ძალების არაადამიანური კონცენტრირება შეუძლიათო.
ასე იყო ესპანეთთან, საფრანგეთთან და იმედი დავიტოვოთ, რომ ასე იქნება ფინეთთანაც.

ტაქტიკა
ფინეთის ნაკრები ჩვენი უხერხული მეტოქეა: ყოველთვის სამქულიანებით ცდილობდა საქართველოს ნაკრების დაჯაბნას და ოთხივე მატჩი სწორედ პერიმეტრიდან აქვს მოგებული. ევროპის ჩემპიონატზე ერთადერთხელ შევხვდით (2011 წელს) და მაშინ 13 სამქულიანი ჩაგვიგდეს.
ასე დაემართა სერბეთსაც – ფინეთმა სამქულიანები ცივსისხლიანად სტყორცნა, 15 ჩააგდო და გაიმარჯვა.
სერბებისთვის ეს ცოტა მოულოდნელი იყო, არ ელოდნენ და ბოლომდე ვერ გაერკვნენ, რა ხდებოდა. საქართველომ კი იცის – ფინეთი სამქულიანს მოედნის ყველა წერტილიდან ისვრის, რადგან გამარჯვების სხვა შანსი არ აქვს.
ფინეთს ჰყავს ლაური მარკანენი, NBA-ს დონის ფორვარდი, მაგრამ ვერც მარკანენი და ვერც მუურინენ-ლეჰტონენი საქართველოსთან უპირატესობას ვერც ახლა მოიპოვებენ და არც ადრე მოუპოვებიათ. მიზეზი: ადრე ჩვენს ნაკრებში ზაზა ფაჩულია და გიორგი შერმადინი თამაშობდნენ, ახლა – ბითაძე, შერმადინი, შენგელია, მამუკელაშვილი და ბურჯანაძე.
კომენტარი
ტეემუ რანიკო, ფინეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი:
„საქართველოს ტანმღალი ნაკრები ჰყავს. ეცდება ტემპი დააგდოს, ქულები ფარქვეშიდან მოიპოვოს. შეტევით მოხსნებში საქართველო გამორჩეულია, ამიტომ მოხსნებზე ბევრი უნდა ვიმუშაოთ. მათ შესარჩევ ეტაპზე შევხვდით, თუმცა სხვა შემადგენლობა ჰყავდათ. ევრობასკეტზე დაემატათ მამუკელაშვილი და ბითაძე, რაც დიდი ძალაა“.
დუდა სანაძე:
„შესარჩევზე ფინეთთან მნიშვნელოვანი გამარჯვებები იყო. რომელიმე რომ წაგვეგო, შეიძლება, ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავსულიყავით. თუმცა შესარჩევიც გავიარეთ, ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპიც, მერვედფინალიც და ახლა მეოთხედფინალში ისევ ფინეთს ვხვდებით.
ჩვენი მეტოქე შესარჩევისგან მეტად განსხვავებული გუნდია – ჰყავს ლაური მარკანენი, რომელმაც გუნდის თამაშის სტილი რადიკალურად შეცვალა. ჩვენც დაგვემატნენ ამერიკაში მოთამაშე გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი. ძალიან საინტერესო თამაში იქნება“.

ურთიერთშეხვედრები
ფინეთის ნაკრებს პირველად 2004 წელს შევხვდით. ეს იყო B დივიზიონში, თბილისში, 12 ათასი გულშემატკივრის თანდასწრებით. პირველ ტაიმში 39:52-ს ვაგებდით, საბოლოოდ კი 85:78 გავიმარჯვეთ. განმეორებით მატჩში დავმარცხდით, რის გამოც A დივიზიონში ვერ გადავედით.
მომდევნო სეზონშიც ფინეთი იყო ჩვენს ჯგუფში და სტუმრად წაგების გამო ზედა ლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში ვერ მოვხვდით. 2011 წელს მაინც მოვახერხეთ ევრობასკეტზე თამაში, თუმცა იქაც ფინეთი დაგვხვდა და 73:87 დავმარცხდით.
ფინეთის ნაკრების მწვრთნელი ლასი ტუოვი კი ამბობს – შური გვაქვს საძიებელიო. იგი ბოლო შესარჩევს გულისხმობს, რომელშიც ფინელები ორჯერ დავამარცხეთ. საერთო ანგარიშია 5:4 საქართველოს სასარგებლოდ.
ევრობასკეტის ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდის მეტოქე გერმანიასა და სლოვენიას შორის გამარჯვებული იქნება. ეს შეხვედრა მოგვიანებით, 22:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველ არხზე იხილავთ.