საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უახლოეს თბილისურ მატჩს 2 მარტს ჩაატარებს. მისი მეტოქე დანია იქნება.
ამავე გუნდს საქართველო 27 თებერვალს კოპენჰაგენში დაუპირისპირდება. სწორედ ამ ორ მატჩზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ბედი: ოთხგუნდიან ჯგუფში (ესპანეთი, უკრაინა, საქართველო, დანია) საქართველოსა და დანიას ორ-ორი მატჩი აქვთ ჩატარებული და ჯერ მოგება არ მოუპოვებიათ. ჯგუფიდან კი სამი საუკეთესო გადის.
ასეთ სიტუაციაში, შესაძლოა, გადამწყვეტი როლი ითამაშოს გულშემატკივრის ფაქტორმა – საქართველოს ნაკრები დანიას 2 მარტს უმასპინძლებს, ბილეთების გაყიდვა კი 10 თებერვალს 12 საათიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ერთხელ უკვე ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე – 2023 წელს საუკეთესო 16 გუნდში მოხვდა.