თხევადი ბუნებრივი აირის რუსული სანქცირებული საექსპორტო ობიექტიდან აზიაში ტვირთი პირველად გაიგზავნა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. გამოცემის შეფასებით, მოსკოვი აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გავლენის შემცირებასა და ახალი მომხმარებლების მოძიებას განაგრძობს.

Everest Energy-მ თხევადი ბუნებრივი აირის მარაგი ჩრდილო-აღმოსავლეთ რუსეთში მდებარე Arctic LNG 2-ის ობიექტისგან მიიღო და ამჟამად ტვირთი ჩრდილოეთით, საზღვაო მარშრუტით მიემგზავრება. გემი, რომლითაც ტვირთის ტრანსპორტირება ხდება, 2003 წელს შეიქმნა და გასულ წელს აშშ-ის სანქცირებულ სიაშიც მოხვდა. გასულ კვირას, Palau-მ გემს „გადამზიდის სერტიფიკატიც“ გაუუქმა.

განსაკუთრებით უჩვეულო და საშიში კი სტანდარტული LNG-გემისთვის არქტიკის სავაჭრო მარშრუტის გავლაა, რომელიც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთრის პერიოდში მთლიანად იყინება. Everest Energy-ის საბოლოო დანიშნულების პუნქტი უცნობია. გამოცემის ინფორმაციით, თხევადი ბუნებრივი აირის მარაგი გემმა შესაძლოა კამჩატკაში, კორიაკის საწვავის შესანახ განყოფილებაში, ანდაც აზიაში, საიმპორტო ტერმინალამდე ჩაიტანოს.

Arctic LNG 2-ის ქარხანამ წარმოება დეკემბერში დაიწყო, მაგრამ აშშ-ის სანქციებმა, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის შეჭრასთან უკრაინაში, ექსპორტის დაწყება თვეობით გადადო. ობიექტმა გადაზიდვები აგვისტოში დაიწყო. თუმცა რუსული დაწესებულება გადაზიდვებისთვის ანონიმურ პირთა საკუთრებაში არსებულ გემებს იყენებდა, რაც რუსეთს გემების მარშრუტებისა და მახასიათებლების დამალვასა და აშშ-ის სანქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარებოდა.