„ნაპოლის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია, შესაძლოა, „ლივერპულის“ მოთამაშე გახდეს. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსის“ სპორტული დამატება The Athletic-ი იტყობინება.
„მარცხენა ფლანგის მოთამაშეს „ლივერპული“ აქტიურად არ ეძებდა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობას კვარაცხელიას თამაში დიდი ხანია აღაფრთოვანებს. მერსისაიდელები მზად არიან, რეალური შესაძლებლობის შემთხვევაში, მისი დამატებისთვის იბრძოლონ. ცნობილია, რომ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე სერიოზულად მუშაობს „პარი სენ-ჟერმენიც“.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა“, – წერს The Athletic-ი.
SABC Sport-ი კი „ლივერპულში“ ორი ქართველის, ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი მამარდაშვილის ერთად თამაშის შესაძლებლობას განიხილავს.
„ახალი სეზონიდან „ლივერპულში“ ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ითამაშებს, რომელიც თანამემამულე ხვიჩა კვარაცხელიას დადებითად ახასიათებს. მამარდაშვილმა სახელი ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრებში შესანიშნავი გამოსვლით გაითქვა, სადაც კვარაცხელიას გვერდით თამაშობდა.
„ნაპოლიში“ ხვიჩას შთამბეჭდავმა თამაშმა ევროპის წამყავნი კლუბების ყურადღება მიიპყრო, მათ შორის არიან „ლივერპული“, „პარი სენ-ჟერმენი“ და „ჩელსი“. „ლივერპული“ ყურადღებით აკვირდება ვითარებას და, შესაძლოა, ტრანსფერის შესაძლებლობა იანვარში განიხილოს“.
ცნობილი ჟურნალისტი და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტი ფაბრიციო რომანო ამტკიცებს, რომ ამ ეტაპზე ყველაზე აქტიურად „პარი სენ-ჟერმენი“ მოქმედებს. ფრანგული კლუბის წარმომადგენლები კვარაცხელიას ამჟამინდელზე ოთხჯერ მეტ ხელფასს, ხოლო „ნაპოლის“ გამოსასყიდ თანხად 80 მილიონი ევროს სთავაზობენ. თუმცა, „არეა ნაპოლის“ მტკიცებით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ქართველ ვარსკვლავს 90 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს.