უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრეთი ევროკავშირის ახალი ბიუჯეტის მიღებას მხარს არ დაუჭერს მანამდე, სანამ ყველა გაყინულ თანხას არ მიიღებს.
ამის შესახებ ორბანმა რუმინეთის ქალაქ ბეილე-ტუშნადში საზაფხულო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა.
"ახალი შვიდწლიანი ბიუჯეტის დამტკიცება ერთსულოვნებას მოითხოვს და სანამ ჩვენ დარჩენილ თანხებს არ მივიღებთ, არც EU-ს ახალი ბიუჯეტი არ იქნება". - თქვა ორბანმა.
გარდა ამისა, ორბნმა ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერისთვის გააკრიტიკა და ბრიუსელი უნგრეთში შემდეგი წლის არჩევნებზე "პროუკრაინული და პრობრიუსელური მთავრობის" დანიშვნის მცდელობაში დაადანაშაულა.
ორბანმა ევროკავშირის ლიდერები ასევე აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სავაჭრო ომის დაწყების გარისკვაში დაადანაშაულა.
"ევროკავშირის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ყოველთვის იქნება უკანასკნელი, რომელიც აშშ-სთან შეთანხმებებს დადებს და ყოველთვის ყველაზე ცუდ შეთანხმებებს [დადებს]". - თქვა ორბანმა.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი "ტრანსატლანტიკური სავაჭრო ურთიერთობების" განსახილველად ხვალ, 27 ივლისს, შოტლანდიაში შეხვდებიან.
ევროკომისიის მიერ წარდგენილი ახალი ბიუჯეტი 2028-2034 წლებისთვის 2 ტრილიონ ევროს მოიცავს და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობისა და თავდაცვის გაძლიერებაზე ამახვილებს ყურადღებას.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის მიერ 8 ივლისს გამოქვეყნებული კანონის უზენაესობის ანგარიშის ახალი გამოცემის მიხედვით, უნგრეთს კვლავ არ აქვს აღმოფხვრილი დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები, რის გამოც ბრიუსელს უნგრეთისთვის კოჰეზიისა და აღდგენის ფონდიდან თითქმის €18 მილიარდი აქვს დაბლოკილი.
გამოცემა Euronews-ის ინფორმაციით, ამჟამად ევროკავშირს უნგრეთისთვის კოჰეზიის ფონდიდან €8.4 მილიარდი, ხოლო Covid-19 პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენისთვის შექმნილი აღდგენისა და მდგრადობის მექანიზმიდან (RRF) €9.5 მილიარდი აქვს გაყინული, რაც უნგრეთისთვის კვლავ ხელმიუწვდომელი დარჩება.
მანამდე უნგრეთისთვის განიბლოკა გაყინული €10.2 მილიარდი მას შემდეგ, რაც მთავრობამ სასამართლო დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად და სასამართლოებში პოლიტიკური ჩარევის შესამცირებლად რეფორმა გაატარა. თუმცა, ევროკომისიის მხრიდან €10.2 მილიარდის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება საკამათო აღმოჩნდა და ევროპარლამენტმა ის გაასაჩივრა.
დანარჩენი €18 მილიარდი კი კვლავ გაყინული რჩება.
წყარო: tabula.ge